„მომავლის პერსპექტივაში კარგი იქნება“ - დირექტორები დიფერენცირებული სწავლების იდეას აფასებენ
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს - საშუალო საფეხურზე პროფილური სწავლება იგეგმება. სიახლეზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და შესაძლოა, უკვე ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დიფერენცირებული სწავლება დაიწყოს. etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა ამ სიახლეზე მათი აზრი გაგვეგო.მაკა ვაწაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის დირექტორი:ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლების მეთოდის დანერგვა კარგი იდეაა. ბავშვებს, რომლებსაც არ აინტერესებთ მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია მათთვის მე-9 კლასის შემდგომ შეიძლება დაინერგოს და ასე შეისწავლონ მათთვის საინტერესო ხელობა. დიფერენცირებულ სწავლებას ჩემი გამოცდილებით ერთი დადებითი მხარე ის ექნება, რომ მშობლები, რომლებიც 9 კლასის შემდგომ ქალაქში, კოლეჯებში სასწავლებლად ვერ უშვებენ არასრულწოვან შვილებს, ადგილზე ეყოლებათ და სკოლაშივე შეისწავლიან სასურველ ხელობას. 12 კლასსაც დაამთავრებენ, ეცოდინებათ რაიმე სპეციალობა და საზოგადოებაში ადგილს დაიმკვიდრებენ. ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლების დამკვიდრება, მონდომების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია. ჩვენი სკოლის მაგალითზე ვიტყვი, რომ საკმაოდ დიდი შენობა გვაქვს და სპეციალური ფართის გამოყოფა პრობლემა არ იქნება, ასევე ძალიან კარგი ხელოვნების მასწავლებელი გვყვავს და ისეთი პედაგოგები, რომლებსაც შეეძლებათ ბავშვებს პროფესიული ხელობა შეასწავლონ, როგორიცაა თექაზე მუშაობა, ქარგვა და ა.შ. მომავლის პერსპექტივაში დიფერენცირებული სწავლების მეთოდი კარგი იქნება, არ ვამბობ რომ წელს და მომავალ წელსვე ყველაფერი სრულყოფილი იქნება, თუმცა შესაბამისი მომზადებისა შედეგი დიფერენცირებულ სწავლებას ნამდვილად ექნება.
რამინ ბერიძე, თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი:
დიფერენცირებული სწავლება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში თუ დაინერგება და მოსწავლის ინტერესებს იქნება მორგებული, ეს ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია. მე პირადად მაღალმთმიანი რეგიონის სკოლის დირექტორი ვარ და აქ გვაქვს პედაგოგების დეფიციტი, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ამ იდეის განხორციელებისას, შესაძლოა, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემამ იჩინოს თავი.
ირაკლი ჯინჭარაძე, ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი:ყველა სიახლე ძალიან კარგია და ალბათ, დიფერენცირებული სწავლის მეთოდის დამკვიდრებაც კარგი და საინტერესო იქნება. საერთოდ, პედაგოგებს ზოგადად სიახლეების შიში აქვთ, თუმცა როდესაც ყველაფერში გაერკვევიან და გაიგებენ აღარ გაუჭირდებათ და დროთა განმავლობაში შედეგებზე გავალთ. პრობლემები არამგონია იყოს, რადგან მასწავლებლების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ადრინდელთან შედარებით უკეთესობისკენ გვაქვს საქმე. ვნახოთ, მომავალი წინ გვაქვს და დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
ფირუზ ვაშაყმაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი:ზოგადად, მე სამინისტროს კომპეტენციაში ვერ ვერევი. პირადად მე ყველა სიახლეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდები და სახელმწიფოსა და განათლების სისტემის მიმართ ნდობით ვარ განმსჭვალული. ყველა სიახლე ნებისმიერი მიმართულებით მისასალმებელია, თუმცა სიმართლე გითხრათ ცოტა დიფერენცირებული სწავლებას სკეპტიკურად ვუყურებ, შეიძლება მასწავლებლების დეფიციტი იყოს და სწავლა სრულყოფილად ვერ წარიმართოს; თუმცა, ვინც ცდილობს ის ყოველთვის ახერხებს. ჩვენ სიახლეებისთვის მზად უნდა ვიყოთ და საჭირო თუ გახდა ამ ფერხულში უნდა ჩავერთოთ. საქმის მცოდნე ექსპერტებიც ალბათ თავის სიტყვას იტყვიან, სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთანაც ჩატარდება გამოკითხვები რამდენად მზად ვართ ან არ ვართ და ამის შემდეგ ჩვენც და სამინისტროსაც გვექნება ამომწურავი პასუხები.
მალხაზ სამსონია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი:დიფერენცირებული სწავლების იდეა მე პირადად მომწონს და ვეთანხმები; მოტივაციისა და ინტერესების გაზრდისთვის მგონია, რომ დიფერენცირებული სწავლების მეთოდი შესანიშნავი იქნება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული იდეა დამკვიდრდება, რადგან მშვენიერი რეფორმებია დაწყებული, ასევე ძალიან სწრაფად ხდება სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისად მგონია ეს რეფორმა ნაადრევი არ არის და სწორია. მე როგორც ვიცი ძალიან ბევრ მოწინავე ქვეყანაში იყენებენ დიფერენცირებულ სასწავლო პროცესს, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე. საქართველოში ძალიან კარგი მასწავლებლების კონტიგენტი გვყავს და ამ მხრივ არ მგონია რაიმე პრობლემა შეიქმნას, თუმცა გასათვალისწინებელია რომ სიახლეების დანერგვის პროცესში პრობლემები რა თქმა უნდა თავს იჩენს, თუმცა შრომის შედეგად ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი.
მერაბ ხოზრევანიძე, დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექტორი:დიფერენცირებული სწავლება ჩემთვის პირადად მისაღებია, თუმცა ჩემი აზრით მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნება ამ ეტაპზე. ის მასწავლებლები, რომლებმაც სერტიფიცირება ვერ მიიღეს ამა თუ იმ საგანში მათ საათებზე ვაკანსიები უნდა გამოცხადდეს და ამიტომ მგონია ამ მხრივ, პრობლემა გაჩნდება. ის ხალხი ვინც სერტიფიცირებულია ბარიდან მთაში ვერ მოდის სამუშაოდ, ამიტომაც მგონია მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლების დეფიციტი დიფერენცირებული სწავლების დროს იქნება.
ალექსანდრა მენთეშაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის დირექტორი:დიფერენცირებული სწავლება საშუალო საფეხურზე განსაკუთრებით მე-12 კლასში ჩემთვის მისაღებია, რადგან მოსწავლეები უკვე ემზადებიან და პროფესია არჩეული აქვთ. დიფერენცირებული სწავლება დაინერგება, მაგრამ შედეგზე ერთი წლის შემდეგ ვიმსჯელებთ, წინასწარ რაიმე დასკვნების გამოტანა რთულია. აღსანიშნავია, რომ რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში შეიძლება გაჩნდეს კადრების ნაკლებობა, თუმცა ქალაქებსა და ქალაქის მიმდებარე სოფლებში ეს სირთულე არ მგონია წარმოიშვას.
ავთანდილ ძირკვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:დიფერენცირებული სწავლება ჯერ როგორც ვიცი იდეის დონეზეა და ამ საკითხის გადაწყვეტა დიდ დროის მოითხოვს. ამდენი სკოლაა და ამ ყველაფერს კარგი ორგანიზება დასჭირდება. მასწავლებლების საჭირო რაოდენობაც მნიშვნელოვანი საკითხია. ისე კი, დიფერენცირებული სწავლება საშუალო საფეხურის იმ მოსწავლისთვის, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას არ გეგმავს კარგი იქნება, რადგან ადგილზევე დაეუფლება რაიმე პროფესიას. სოფლებში მითუმეტეს, კარგი იქნება, რადგან ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული.
თემურ დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი:
რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის და მიმაჩნია, დიფერენცირებული სწავლება საშუალო საფეხურზე აუცილებელიც კია; თუმცა, რამდენადაც კარგია ეს იდეა, იმდენად მგონია, რომ ცოტა ნაადრევია და განხორციელებას წინ ექსპერტების დასკვნა უნდა უსწრებდეს, ასევე აუცილებელია, რომ პედაგოგები შესაბამისად გადამზადდნენ.
ცირა კახაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლის დირექტორი:
საჭიროებიდან გამომდინარე როგორც მისაღები იქნება და მოსახერხებელი. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, არ მგონია რაიმე პრობლემა შეიქმნას რაც დიფერენცირებული სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ევგენი სურმანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის დირექტორი:
პირადად ჩემი გადმოსახედიდან დიფერენცირებული სწავლების იდეა ცუდი არ არის, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს სწავლება უფრო განცალკებული უნდა იყოს. რაც უფრო ახალია ყველაფერი საინტერესოა და აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დიფერენცირებული სწავლება მეტ ინტერესს გამოიწვევს.