მასწავლებლის სახლი განმარტავს, როგორ შეივსებენ პრაქტიკოსი პედაგოგები კრედიტებს
02-09-2021

პრაქტიკოსი პედაგოგები სკოლაში მუშაობას 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე აგრძელებენ. მათ კომპეტენციის დასადასტურებლად ბოლო შანსი ჰქონდათ. გამოცდაზე მიღებული კრედიტები პრაქტიკოსებს ბაზაში აესახებათ, საკმარისი რაოდენობის კრედიტის შემთხვევაში ისინი უფროსის სტატუსს მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ სტატუსის შესაცვლელად 19 კრედიტქულის დაგროვებაა საჭირო, მაგრამ პრაქტიკოს მასწავლებლებს შორის ბევრია ისეთი, რომელთაც გამოცდაზე მიღებული 1,4 ან 7 კრედიტქულა უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად არ ჰყოფნის, რადგან მათ სხვადასხვა აქტივობით დაგროვებული კრედიტები არ აქვთ.

შეუძლიათ თუ არა პრაქტიკოსებს 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დამატებითი აქტივობებით კრედიტების შევსება თუ მათ გამოცდაზე საკმარისი კრედიტი ვერ მოიპოვეს? - ამ კითხვით etaloni.ge მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრში განგვიმარტეს, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს კრედიტების დასაგროვებლად მხოლოდ ორი საშუალება აქვთ, გამოცდაზე დაგროვილი კრედიტქულები და 5-კრედიტიანი ტრენინგი, რომელსაც მათ მასწავლებლის სახლი სთავაზობს. თუ აღნიშნული კრედიტების დაჯამებით ვერ მოიპოვებთ 19 კრედიტქულას, უფროსის სტატუსს ვერ მიიღებთ.

„პრაქტიკოსებს შანსი აქვთ გამოცდაზე მიღებულ კრედიტებთან ერთად 5-კრედიტიანი ტრენინგი გაიარონ და ასე დაიმატონ კრედიტქულები. სხვა დამატებითი აქტივობები, რომლებიც აქამდე არსებობდა კრედიტების დასაგროვებლად, ძალაში აღარ არის“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზზე.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წინსვლის სქემის მიხედვით, აქამდე პედაგოგებს კრედიტების დაგროვება სხვადასხვა აქტივობით შეეძლოთ. მაგალითად: პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა (25 საათი) 1 კრედიტით ფასდებოდა, წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა - ასევე 1 კრედიტქულით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში 1 ან 2 კრედიტით, სემესტრის განმავლობაში ფასილიტატორობა 1,5 კრედიტით, სემესტრის განმავლობაში ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში - 0,5 კრედიტი და ა.შ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203