გასული სასწავლო წლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები კვლავ არ მიუღიათ. არადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეებისთვის მედლები 2021 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გადაეცა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მედლებს წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთა ნაწილი უკვე სტუდენტია, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018, 2018-2019, 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები შემოდგომაზე გადაეცემათ, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. მათი თქმით, ამის შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას თავად სკოლები მიაწვდიან. 8 735 მედლისა და ჩასადები ყუთის შესაძენად, საიდანაც 6 622 ცალი ოქროს, ხოლო 2 113 ვერცხლის იქნება უწყებას 333 345 ლარი აქვს გამოყოფილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორიოდე დღის წინ დამტკიცდა 2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია, თუმცა მათთვის მედლების გადაცემა შორეული პერსპექტივაა - რიგში წინა წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან.
ასევე იხილეთ: 2020-2021 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცლის მედალოსანი მოსწავლეების სია დამტკიცდა
ოქროსა და ვერცხლის მედლებს კურსდამთავრებულები 1-ელ სექტემბრამდე მიიღებენ - ESIDA-მ მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა