გასული სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სირთულის მიუხედავად, ახალგაზრდების უმეტესობამ პროგრამებს თავი კარგად გაართვეს. სტუდენტთა შედეგებს KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელი ბატონი რამაზ ბოჭორიშვილი აჯამებს:
„2020-2021 სასწავლო წელი მრავალმხრივ საინტერესო და წარმატებული იყო. განვლილ ერთ წელიწადში ჩვენი სტუდენტები ძალიან გაიზარდნენ, ბევრი კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარ შესაძლებლობებში და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა საკუთარი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით. ცხადია, ყველა სტუდენტისთვის გასული აკადემიური წელი ერთნაირად წარმატებული არ არის. ყველაზე უფრო ტიპიურია სიტუაცია, როცა სასწავლო კურსებზე რეგისტრირებული სტუდნეტების დაახლოებით 20 % ვერ ახერხებს საგნის ჩაბარებას. გვაქვს განსხვავებული შემთხვევებიც, როცა საგანს წარმატებით დაახლეობით 60% ძლევს. არის ისეთი შემთხვევაც, როცა საგნის ჩაბარების მაჩვენებელია დაახლოებით 90%. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სირთულის და პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის ხარისხის გათვალისწინებით საგნების ჩაბარების ეს განსხვავებული მამჩვენებლები ძალიან კარგია.
სტუდენტების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია GPA, რომელიც 0-დან 4-მდე შკალაზე იზომება. მაღალი GPA-ის მქონე სტუდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია. კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტთა 33%-ის GPA არის 3 და უფრო მეტი, სტუდენტთა 10% -ის GPA 3.5-ზე მაღალია, ხოლო უმაღლესი GPA-ს მქონე ერთი სტუდენტი გვყავს. მათემატიკის პროგრამაზე სტუდენტთა 25%-ის GPA არის 3 და უფრო მეტი და ასევე ერთი სტუდენტი გვყავს უმაღლესი GPA-ს მქონე. საგნის ჩაბარების პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით, მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტთა ასეთი რაოდენობა საიმედო ინდიკატორია იმისა, რომ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამები წარმატებით ფუნქციონირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ექსტრა კურიკულური საქმიანობა აკადემიური პროცესის განუყოფელი ნაწილია. გვყავს ბევრი აქტიური და ამბიციური სტუდენტი, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სურს. განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში გარდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებისა, სტუდენტებს შევთავაზეთ 3 სეზონური სკოლა, კონკურსის პრინციპზე დაფუძნებულ 3 პროექტში მონაწილეობა და სტუდენტ-ტუტორობის პროგრამა ზოგიერთ საგანში. სტუდენტებმა უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით დააფუძნეს მათემატიკის და დაპროგრამების კლუბები. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის პერსონალმა განვლილი წლის განმავლობაში, მიიღო ორი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი გრანტი და ზოგიერთ მათგანში მონაწილეობას სტუდენტები უკვე მომავალი სემესტრიდან შეძლებენ.
წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაცია. ამ მხრივ ძალიან კარგად გვაქვს საქმე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი სწრაფად ახდენს რეაგირებას სტუდენტების საჭიროებაზე და ღიაა კომუნიკაციისთვის.“ - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი.
მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.