„მხარს დავუჭერ, აცრა სავალდებულო იყოს მასწავლებლებისთვის“ - გამყრელიძე
06-09-2021
2021-2022 სასწავლო წელი, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დისტანციურად იწყება და შეზღუდვა 4 ოქტომბრამდე გრძელდება; არ ფუნქციონირებს საბავშო ბაღებიც... სპეციალისტები სიტუაციას აკვირდებიან და სამომავლო გადაწყვეტილებებიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ამასობაში კი საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გარეშე, საკლასო ოთახებში სწავლა ვერ განახლდება და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მომხრეა, პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს:

„მხარს დავუჭერ, ვაქცინაცია სავალდებულო იყოს ჩემი კოლეგებისთვის, აუცილებლად, სამედიცინო მუშაკებისთვის და ასევე მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და სწავლა დაიწყონ ბავშვებმა".

გამყრელიძემ დასძინა, რომ შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მოხდა, კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი კი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მხოლოდ ერთი ფაქტორით არ არის გამოწვეული. სამწუხაროდ, შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში, ადამიანთა ყოფა კი მძიმე იყო. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა -  სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და ასევე, ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203