ორ წლიანი პანდემიური რეჟიმის მიუხედავად განათლების სამინისტრომ ვერ შეძლო, სწავლის სკოლებში უზრუნველყოფა, რის გამოც 2021-2022 სასწავლო წელი კვლავ დისტანციურად იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია აქტიურად ვისმენთ, რომ არ შეიძლება ქალაქისა და სოფლის სკოლას ერთნაირად მიუდგე, რომ განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ მცირე და დიდსკონიტენტიან სკოლებს მთავრობამ განათლების სამინისტროსთან ერთად 2000-ზე მეტ სკოლაში ერთიანი მიდგომა გამოიყენა და სწავლების დისტანციური გადაწყვეტილება მიიღო. უწყების მიდგომას განათლების სფეროს სპეციალისტები etaloni.ge - სთან ერთხმად აკრიტიკიებენ.
როგორც განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ჩვენთან საუბარში ამბობს, სასწავლო პროცესის ორგანიზება ბევრად რაციონალურად შეიძლებოდა და სამინისტროს რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა.
„სამი ფაქტორი შეეძლოთ აეღოთ: ვირუსის გავრცელების სიმწვავე დასახლებაში, სკოლის ზომა და სკოლის მომზადება. სკოლის მომზადებაში იგულისხმება სკოლის ინფრასტრუქტურის და ადამიანების მომზადება: როგორ უნდა მოიქცნენ, რამდენად აქვთ პროტოკოლები; ვთქვათ, მშობლების, მასწავლებლებისა და ბავშვების რა ნაწილი არის ვაქცინირებული და ა.შ. ბევრი ასეთი ფაქტორის გათვალისწინება შეიძლებოდა და შემდეგ, ამ ყველაფრის მიხედვით სკოლების დაყოფა; რომელ დასახლებებში მყოფ სკოლებშია ყველაზე მაღალი რისკი და რომელი სკოლებია ამ რისკებისთვის ყველაზე უკეთ მომზადებული.
ცალკე საკითხია ამ ვითარებამდე, რომ არ მისულიყო სიტუაცია, მანამდე შეიძლებოდა კიდევ ბევრი რამის გაკეთება. გარდა იმისა, რომ დისტანციურად იწყება, პრობლემა არის წინა წლის დისტანციური სწავლებით გამოწვეული საკითხები. მაგალითად, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლას ჩამორჩნენ შეიძლებოდა ზაფხულში საზაფხულო სკოლები გაკეთებულიყო, ასევე დახმარებოდნენ აღჭურვილობით, ინტერნეტით და ა.შ. ეს უკვე ცალკე საკითხია და სკოლები არც ახლა არიან ამ პრობლემების მზად“, - აღნიშნავს ჯანაშია.
სკოლების დამოუკიდებლობის პრობლემაზე საუბრობს განათლების სპეციალუსტი რეზო აფხაზავა, რომელიც თვლის რომ სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებათავად სკოლებს უნდა მიეღოთ.
„სამინისტროს საერთოდ არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. სკოლებისთვის და სასკოლო საზოგადოებისთვის უნდა მიენდოთ ეს საკითხი; როდესაც ნათქვამია, რომ დეცენტრალიზება უნდა განხორციელდეს და დიფერენცირებული მიდგომა იყოს სკოლების მიმართ, უწყებას ახლა ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, რომ ეს განეხორციელებინა და რეალურად რაც სტრატეგიებში დევს იმით ეხელმძღვანელა - სამწუხაროდ საპირისპირო მივიღეთ.
იმ დროს, როდესაც მთელი რიგი დაწესებულებები ღიაა და შეუფერხებლად შეუძლიათ ადამიანებს იქ ყოფნა, სკოლებს არ ვაძლევთ საშუალებას რომ თავად გადაწყვიტონ როგორ და რა ფორმით დაიწყონ სწავლა, - დაწყებით კლასებს დააწყებინებდნენ, მცირეკონტიგენტიანებს თუ დიდ სკოლებში სხვანაირად იქნებოდა და ა.შ. მით უმეტეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სკოლები ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო არ არის და სხვა დაწესებულებები უფრო დიდი საფრთხის შემცველია. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომ ერთის მხრივ სხვა დაწესებულებები მუშაობენ და სკოლა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მუშაობს. დროთა განმავლობაში ძალიან მწვავე შედეგებს მივიღებთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მომავალი თაობის განათლების თვალსაზრისით გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უარეს შედეგებს გამოიღებს.
ორი ათასზე მეტი საჯარო სკოლა გვაქვს ქვეყანაში და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც შესაძლებლობებით ისე მოსწავლეების რაოდენობით და აცრების თვალსაზრისით. არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი ინსტრუმენტით მიუდგე და ერთი მართვის გადაწყვეტილებები მიიღო. სკოლას უნდა მივცეთ საშუალება, თავიანთი შესაძლებლობების და მდგომარეობის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. ამ საკითხში თუ არ ვენდობით სკოლის დირექტორებს და სკოლის საზოგადოებას, მაშინ ბავშვებს რატო ვანდობთ საერთოდ? - გამოდის ეს ორმაგი სტანდარტი არის, ერთის მხრივ სტრატეგიასა და რეალურად განხორციელებულ ქმედებებს შორის და მეორეს მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკაში, რომ ვითომ განათლება არის პრიორიტეტი და ვხედავთ, განათლება არის ყველა დაბალი ღობე. პირველ რიგში განათლებას ურტყამს ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში წესდება. პარალელურ რეჟიმში რესტორნები მუშაობენ და ეს გვაჩვენებს ქვეყნისთვის რეალური პრიორიტეტი რა არის“, - აღნიშნავს აფხაზავა.
სამნინისტროსა და ჯანდაცვის სექსტორის დაგვიანებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს განათლების კიდევ ერთი სპეციალისტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, 2 თვის წინ გადასადგმელი ნაბიჯებს ახლა დგამენ.
„მცირეკონტიგენტიან სკოლებში თუკი იქნებოდა შესაბამისი უზრუნველყოფა, როგორც მოსახლეობის, ისე მასწავლებლების აცრის და ტესტირების ყველგან იყო შესაძლებელი სწავლის დაწყება, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, მხოლოდ ახლა განაცხადეს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა, რომ ინდივიდუალურად დაიწყებენ კვლევებს; თითოეულ თემში ჩატარდება მოსახლეობის ტესტირება, ნახავენ დადებითობის მაჩვენებელს და იქიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას დაიწყონ თუ არა კონკრეტულ სოფლებსა და კონკრეტულ თემში. ანუ, ის რაზეც ორი თვის წინ ვსაუბრობდი დღეს განაცხადეს, რომ ეს გაკეთდება. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო ბევრად ადრე, ისე რომ 15-ში არ დაწყებულიყო დისტანციური სწავლება“, - გვითხრა შალვა ტაბატაძემ.