ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია
06-09-2021

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო. KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1848 სტუდენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 425-მა მათგანმა გადალახა.

KIU-ს სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები. უმაღლესი შედეგების მქონე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან არიან. ერთიან ეროვნულ გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრების გუნდის 2 წევრი და უცხოელი სტუდენტები. პანდემიის მიუხედავად KIU-ში სწავლის სურვილი გამოხატეს უცხოელმა აბიტურიენტებმაც, შესაბამისად, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ უცხოელი სტუდენტებიც უკრაინიდან და ბელარუსიიდან. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით, KIU ერთიანი-ეროვნული გამოცდების სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე  უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, STEM დარგებში ჩართულ გოგო სტუდენტთა რაოდენობა წელს გაორმაგდა, შარშან KIU-ში 62 გოგონა ჩაირიცხა, წელს კი მათი რაოდენობა 124-ს შეადგენს.

KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების თითქმის 100%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ და მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს (I არჩევანი - 90%, II არჩევანი - 9%, III არჩევანი - 1%). მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი კონკურსი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე დაფიქსირდა.

სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში სექტემბრის ბოლომდე დაიწყება, ხოლო კამპუსზე სტუდენტების მიღება ოქტომბრიდან არის ნავარაუდევი.

KIU სამხრეთ კავკასიაში  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში უკვე ერთი წელია მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებშიც, გასულ სასწავლო წელს 240-მა ახალგაზრდამ მიიღო დაფინანსება. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. ახალ სასწავლო წელს KIU-ს სტუდენტებს ბევრი სიახლე, პროექტი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით.

KIU-ს შესახებ: KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო.  უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

იხილეთ: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203