პირველკლასელების ნაწილს სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ, თუმცა კუთვნილი „ბუკები“ ჯერ არ მიუღიათ - სკოლები 4 ოქტომბერს ელოდებიან, რათა პატარებს კუთვნილი ტექნიკა მერხებზე დაახვედრონ. ზოგადად, სახელმძღვანელოების და „ბუკების“ დროულად გადაცემა რეგისტრაციაზეა დამოკიდებული, ვადები წინასწარაა განსაზღვრული და ოთხ ეტაპს მოიცავს - მაისში იწყება და 10 ივლისს მთავრდება. მშობლებმა ბავშვის დარეგისტრირება, სასურველ სკოლაში, მოცემული დროის ფარგლებში უნდა მოახერხონ. თუმცა, არის შემთხვევა, თან არაერთი, როცა რეგისტრაციისთვის სკოლას აგვისტოშიც კი მიმართავენ.
იმ სკოლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგნელები სწავლობენ, ვითარება გაცილებით მძიმეა - უშუალოდ 15 სექტემბერს მიჰყავთ შვილები და თან რეგისტრაციასაც ითხოვენ. სკოლების ადმინისტრაციამ ეს ამბავი უკვე კარგად იცის და მსგავსი შემთხვევების მოლოდინი ყოველ წელს აქვთ.
როგორც დირექტორები ამბობენ, ძირითადად ეს მშობლის უყურადღებობის გამო ხდება. მათ კითხვაზე, თუ რატომ ვერ დაარეგისტრირეს ბავშვი დროულად? გაურკვეველ მიზეზებს ისმენენ.
ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ, მშობლის მსგავსი დამოკიდებულება ბავშვზე არცთუ კარგად აისახება - შესაძლებელია ბავშვმა დროულად ვერ მიიღოს პირველკლასელისთვის განკუთვნილი „ბუკი“, რაც მისთვის გაურკვეველი და გულდასაწყვეტი იქნება.
პირველკლასელების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიეწოდება. შესაბამისად, შესაძლოა, 31 აგვისტოს დარეგისტრირებულმა ბავშვმა, ვერ მიიღოს 15 სექტემბერს მისთვის განკუთვნილი კომპიუტერი - დამატებითი ტექნიკის მოძიება ხდება საჭირო, რაც დროსთან არის დაკავშირებული.
თუმცა, წელს კუთვნილ „ბუკს“ ყველა პირველკლასელი ერთად მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განუცხადა: „გვიან დარეგისტრირებულ ბავშვებს მოგვიანებით გადაეცემოდათ „ბუკები“, თუმცა წელს, ყველა ბავშვი ერთდროულად მიიღებს კუთვნილ კომპიუტერს“.
მოგვიანებით კი, ეს ინფორმაცია განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს, თითეული პირველკლასელი, სკოლაში მისვლისას მიიღებს კუთვნილ კომპიუტერს.