უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წელს პირველად ჩატარდა. მას შემდეგ, რაც სპეციალური მასწავლებლები სქემაში ჩაერთვნენ და მათ ანაზღაურების გაზრდის საშუალება მიეცათ, აღნიშნული პროფესიით ბევრი დაინტერესდა.
სპეციალური მასწავლებელი პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს და მასთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით მუშაობს.
თავდაპირველად, სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციის დასაკავებლად სპეციალიზებული ტრენინგების გავლა იყო სავალდებულო, რომელსაც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სთავაზობდა დასაქმების მსურველებს. ცენტრი მათ ასევე სთავაზობდა სხვადასხვა ტრენინგს, მაგალითად ჟესტური ენის, ბრაილის შრიფტის. ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებდნენ ტრენინგებს, კერძოდ, ქცევის მართვაში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის წერაში და სხვა.
როგორც etaloni.ge-სთან საუბარში სპეციალური მასწავლებლები ამბობენ, თავდაპირველად სკოლაში დასაქმება ფსიქოლოგებს შეეძლოთ, ამჯერად კი მხოლოდ აღნიშნული პროფესია არ კმარა. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებისგან არ ჩატარებულა ტრენინგები, რომელიც პროფესიაში შემსვლელებს უწყობდა ხელს.
სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების მსურველები ითხოვენ, რომ როგორც მასწავლებლების შემთხვევაშია, მათაც მიეცეთ უფლება, გავიდნენ შესაბამის გამოცდაზე, შემდეგ კი უნივერსიტეტებში იყოს 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ საჭიროებებზე იქნება მორგებული, სკოლაში დასაქმების შემდეგ კი სტატუსს მიანიჭებს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების მიმართულებით კანონში ცვლილებები იგეგმება, დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამჯერად, სკოლაში გამოცხადებული ვაკანსიების დროს კანდიდატი სპეციალური მასწავლებლის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს რომელიმე შემდეგ მოთხოვნას:
რა არის საჭირო უფროსი და სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად?
კანონის მიხედვით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) აქვს დოქტორის ხარისხი სპეციალურ განათლებაში;
ბ) ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;
გ) აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.