საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად, ხოლო 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში აღდგება. სკოლის შენობაში სწავლა იმ რეგიონებსა და სოფლებში დაიწყება, სადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. დანარჩენებში სწავლა ისევ დისტანციური ფორმატით გაგრძელდება. არსებულ ვითარებაში ისმის კითხვა, ხომ არ სჯობს სწავლის დაწყების ფორმატი თავად სკოლებმა გადაწყვიტონ. Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ამ საკითხზე. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი:
„სკოლას უფლება უნდა ჰქონდეს, სწავლის ფორმატი თავად გადაწყვიტოს. ზოგიერთ მოსწავლეს სათანადოდ არ მიუწვდება ხელი კომპიუტერსა და ინტერნეტზე. არიან ბავშვები, რომლებსაც სახლში კომპიუტერი არ აქვთ. ჩვენი სკოლა სოფელშია, მცირეკონტინგენტიანია და ზოგიერთ ოჯახს უჭირს. წინა ჯერზე დისტანციურ სწავლებას თავი გავართვით. ჩვენი ძალისხმევით ყველა მოსწავლე ჩართული იყო სასწავლო პროცესში, ტელესკოლაც გვეხმარებოდა. რა შესაძლებლობებიც გვქონდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამასაც გავართვით თავი, თუმცა უმჯობესი მაინც საკლასო ოთახში სწავლებაა.“
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ხეცურიანი:
„გააჩნია, საჭიროებიდან გამომდინარე, რა ვითარებაა რეგიონსა და სკოლაში. ჩვენი სკოლის შემთხვევაში, კარგი იქნება თუ სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღესდღეობით სკოლა ამ გამოწვევებთან გასამკლავლებლად მზადაა. ჩვენს სოფელში ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება, ამიტომაც გვირჩევნია სწავლა საკლასო აუდიტორიებში დაიწყოს. ინტერნეტისა და კომპიუტერის პრობლემა თითქმის ყველა სკოლას აქვს, ეს საკითხი ჩვენ მუნიციპალიტეტშიც აქტუალურია. თუმცა სკოლამ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, შევძელით და მოსწავლეებს, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკა არ ჰქონდათ, გადავეცით სკოლის კუთვნილი ლეპტოპები დროებით სარგებლობაში, რათა გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო მოდებაძე:
„სკოლას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვებისა და ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს. პანდემიასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ სწავლის ფორმატი იმათი გადასაწყვეტია, ვისაც ეს საკითხები ევალება. ეს უნდა ხდებოდეს რეგიონების მიხედვით. მერე კი სკოლებთან ურთიერთობისა და გამოკითხვის საფუძველზე უნდა წყდებოდეს. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალურად სკოლები ამ საკითხს ვერ გადაწყვეტენ, რადგან შეიძლება რაიმე ნიუანსები გამოგვეპაროს, რაღაც საკითხს საკმარისი ყურადღება ვერ მივაქციოთ და ამიტომ სჯობს ეს საკითხი მონიტორინგის საფუძველზე წყდებოდეს. პრობლემები ბევრია, შარშან ვეცადეთ, რომ ბევრი ბავშვი ჩაგვერთო, მაგრამ ინტერნეტი ყველგან არ მუშაობს, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი არაა. ამიტომ უამრავი პრობლემაა, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას, ამიტომაც უყურადღებოდ არავინ გვრჩება ხოლმე. სკოლა სწავლების ორივე ფორმატისთვის მზადაა.“
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი ლია როსტიაშვილი:
„ვფიქრობ, სამინისტრო როგორც გადაწყვეტს, სწავლების ფორმატი ისე უნდა განისაზღვროს. ჩემი სკოლის მოსწავლეებს არ უნდათ დისტანციურად სწავლება, საკლასო ოთახებში ურჩევნიათ და მაშინ დასწრებაც საკმაოდ მაღალია. ახლა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებით გაუჭირდათ, მითუმეტეს, როდესაც საქმე უცხო ენების ათვისებას ეხება. მაღალ კლასებში კი ვისაც სწავლა უნდა, დისტანციურად კარგად სწავლობენ და გარკვეულწილად იქ ნამდვილად ამართლებს ეს ფორმატი. ჩემს ბავშვებს სკოლა ნამდვილად უყვართ და იშვიათად რომ ვინმემ გააცდინოს. ის ურთიერთობები, რაც სკოლაშია ნამდვილად გვაკლია.“
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ყაველაშვილი:
„რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ სკოლამ აირჩიოს ის თუ სწავლების როგორ ფორმატს მიმართავს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც ყველგან მოდებულია კორონავირუსი ვფიქრობ, უპრიანი იქნება, სწავლების ფორმატი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განისაზღვროს. ჩვენს სოფელშიც მძიმე ვითარებაა. ამიტომაც, ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებას ვემხრობით. არის სოფლები, სადაც არც ერთი ოჯახი არაა ისე დარჩენილი, რომ კოვიდი არ ჰქონდეთ. მასიურადაა მოდებული. ამდენმა ონლაინ სწავლებამ მშობლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ჩვენ გვქონდა შემთხვევაც, როდესაც ზოდის სკოლაში თბილისიდან გადმოვიდნენ მოსწავლეები იმის გამო, რომ ონლაინ არ გვისწავლია და სკოლაში დავდიოდით. თუმცა არიან მშობლებიც, რომლებიც თვითონ ამბობენ, რომ ბავშვებს სკოლაში ვერ გაუშვებენ, რადგან კოვიდის ეშინიათ. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ჯობია სკოლამ აირჩიოს სწავლების ფორმატი, თუმცა ამჯერად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი სახვაძე:
„ვითარებიდან გამომდინარე უნდა წყდებოდეს სწავლის დაწყების ფორმატი. ამას თავად სკოლა ვერ გადაწყვეტს. თუ ისეთი ეპიდვითარებაა, რომ სწავლის დაწყება რეკომენდირებული არ არის, მაშინ დისტანციურად უნდა ვისწავლოთ. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტი აქვთ, თუმცა რაღაც ნაწილს მასთან წვდომა არ აქვს.“
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა გელაშვილი:
„შესაძლებელია, რომ სკოლა თავად წყვეტდეს სწავლების ფორმატს, რადგან არის სოფლები, რომლებიც დაცულია ეპიდემიისგან და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. განსაკუთრებით, პატარა სოფლები. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს სკოლას, ახლა უმჯობესია, რომ სწავლა დისტანციურად დავიწყოთ. უამინდობის დროს სოფელში შუქი ხშირად ითიშება, დაზიანებებია, რომლებიც ჯერჯერობით ვერ შეკეთდა. ასევე, არის რამდენიმე ოჯახი, რომელთაც ინტერნეტის ჩართვისა და კომპიუტერის შეძენის საშუალება არ აქვთ.“
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე:
„ჩემი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. ისე კი ჩვეულებრივ პირობებში, მომწონს, რომ სკოლას ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა ეზრდება. მეტი თავისუფლება აქვთ და სამომავლოდ ორი-სამი წლის შემდეგ ამან შეიძლება კარგი შედეგები გამოიღოს. არამარტო სწავლების ფორმატი და დრო, ბევრ რაღაცას გადაწყვეტს სკოლა რამდენიმე წელიწადში დამოუკიდებლად. სკოლაში 630 მოსწავლე გვყავს და 40-მდე ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან ან კომპიუტერთან წვდომა.“
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი როზა ერისთავი:
„ჩემი აზრით, სკოლა სწავლების ფორმატს თავად ვერ გადაწყვეტს. ეგ უფრო ჯანდაცვის სისტემის საქმეა. მათ უნდა განსაზღვრონ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ჯანმრთელობისთვის იქნება საჭირო, ისე უნდა განისაზღვროს. ჩვენ ორივე შემთხვევისთვის მზად ვართ, სკოლაში ყველაფერი გვაქვს, ვგულისხმობ, სანიტარულ და სადეზინფექციო საშუალებებს.“
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ნინიძე:
„ამ საკითხს მხოლოდ სკოლა ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. ჩვენს სოფელში ახლა სტაბილური ვითარებაა, ხალხის ნაწილიც აიცრა, თუმცა იმ ვითარებაში, რაც ქვეყანაში ხდება, დაზღვეული არავინაა. ვაქცინაც, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ ადამიანებმა გაიკეთეს, ვინც სადმე მუშაობს - ძირითადად, ბაღში ან სკოლაში დასაქმებულებმა.“