გაუნახევრდებათ თუ არა სტუდენტებს სწავლის გადასახადი დისტანციური სწავლებისას - სამინისტროს პასუხი
18-09-2021

2021-2022 სასწავლო წელი სკოლების მსგავსად, უნივერსიტეტებშიც დისტანციურად დაიწყო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს სტუდენტები განათლების სამინისტროს დახმარებას და სწავლის საფასურის განახევრებას სთხოვდნენ, თუმცა უწყებამ ხელი უნივერსიტეტებს „შეაწმინდა“ და თქვა, რომ მათი გადასაწყვეტი იყო შეღავათი ექნებოდათ თუ არა სტუდენტებს. შეღავათი კი, საბოლოოდ მხოლოდ სწავლის საფასურის გადავადებას და მის უფრო მეტ ნაწილად დაყოფას შეეხო - სწავლის გადასახადი სტუდენტებისთვის არ შემცირებულა. წელს მაინც ისარგებლებენ თუ არა რაიმე შეღავათით სტუდენტები და აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო პოზიციის შეცვლას ამ კითხვით ახლაც უამრავი სტუდენტი ინტერესდება, შესაბამისად, საკითხის დაზუსტება განათლების სამინისტროსთან გადავწყვიტეთ. 

როგორც უწყებაში გვითხრეს, რომ გადასახადის მხრივ, რაიმე შეღავათი იმოქმედებს თუ არა, ეს უშუალოდ უნივერსიტეტებში უნდა გაირკვეს. ამ შეკითხვით სტუდენტებმა თავიანთ უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ.

„სწავლების დისტანციური რეჟიმის შემთხვევაში სტუდენტებზე რაიმე შეღავათი იმოქმედებს თუ არა, გადასახადის მხრივ, უნივერსიტეტებში უნდა გაარკვიოთ. ჩვენთან, ზოგადად, მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც ვრცელდება იმ პირებზე, ვინც მაღალმთიან რეგიონში სწავლობდა; სოციალურად დაუცველებზე - 70 ათასზე ნაკლები ქულა ვისაც აქვს; მრავალშვილიან ოჯახებზე - 4 და მეტი ბავშვის შემთხვევაში; ასევე, ომში დაღუპულთა შვილებზე; უდედმამოებზე; ბავშვთა სახლში აღზრდილებსა და სსმ პირებზე. შერჩევა კონკურსის სახით ტარდება. განაცხადი 10 სექტემბრიდან შემოაქვთ, 2 ოქტომბრიდან კომისია დაიწყებს საკითხის განხილვას“,- ამბობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს უნივერსიტეტებმა სტუდენტებს სწავლების საფასური გადაუვადეს და საშუალება მისცეს, უფრო მეტ ნაწილად გაეყოთ იგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203