15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად დაიწყო. უკვე მესამე სასწავლო წელია, ონლაინ სწავლება პედაგოგებისთვის გამოწვევად რჩება. ბევრმა ალღო აუღო თანამედროვე ტენდენციებსა და პანდემიისგან გამოწვეულ სიახლეებს, მასწავლებელთა ნაწილს კი შესაბამისი ტელეფონი ან კომპიუტერიც არ გააჩნია, რომ დისტანციურ სწავლებაში სრულყოფილად ჩაერთოს. მათთვის ონლაინ სწავლების ფორმატი დიდი თავსატეხია.
როგორ უნდა ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილები მასწავლებელმა, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ტექნიკა?
ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკრეტულ მითითებებს არ იძლევა, თუმცა თუ გასული სასწავლო წლის მაგალითით ვიმსჯელებთ, სკოლის დირექციას ევალება ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა.
რას გულისხმობს ხელშეწყობა ასეთ დროს?
სკოლებში, სადაც ამის საშუალება იყო, დირექტორებმა მასწავლებლებს ლეპტოპები/კომპიუტერები დაურიგეს. აღნიშნული ტექნიკური საშუალებები სკოლის ინვენტარად ითვლება და, რა თქმა უნდა, მასწავლებლებისთვის ეს საჩუქარი არ ყოფილა. ბევრი აღმოჩნდა ისეთი პედაგოგიც, რომლისთვისაც ტექნიკის გადაცემა დახმარება ვერ იქნებოდა, რადგან მათ გამოსაყენებლად შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდათ. ასეთი მასწავლებლები მთელი წლის განმავლობაში სკოლაში დადიოდნენ და ადმინისტრაცია ზრუნავდა, რომ მათ ონლაინ გაკვეთილები სკოლიდან ჩაეტარებინათ.
მასწავლებელთა ნაწილი კი გაკვეთილებს, არც მეტი არც ნაკლები, ტელეფონით ატარებდა. etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა უამბო, რომ რეგიონებში ინტერნეტის გაუმართაობის გამო ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ, მასწავლებლები თითოეულ მოსწავლეს ტელეფონზე ურეკავდნენ და ასე უხსნიდნენ გაკვეთილს, ასე აძლევდნენ დავალებას.
ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი ბევრ ოჯახში არ არის, სადაც პედაგოგების ნაწილს კომპიუტერი და შესაბამისი ტელეფონი არ აქვს, მალე სწავლა ისევ დისტანციურად დაიწყება. მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე გასასვლელად ძალიან დიდი შრომა მოუწევთ. რეალურად კი, პანდემიის შედეგი მოსწავლეებზე დროთა განმავლობაში აისახება.