- სასურველია 2021–2022 სასწავლო წელი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა სასწავლო წელი. იყოს ნაკლები ონლაინ გაკვეთილი, მეტი დასწრებული სწავლება და რაც მთავარია, ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო, ჯანსაღი გარემო შინ და გარეთ. სიახლე არის სტატუსამაღლებული მასწავლებლები, რომლებიც განახლებული ენერგიით შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას, იქნება ეს დასწრებული თუ ონლაინ ფორმით.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- მასწავლებლებმა ელექტრონული ჟურნალის წარმოების გარკვეული გამოცდილება მიიღეს გასულ სასწავლო წელს. მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან ამ სიახლისათვის. რამდენად სწორია ეს ცვლილება ამის შესახებ მსჯელობა მოგვიანებითაც შეიძლება.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- ვფიქრობ, ვაქცინაცია ნებაყოფილობითი უნდა იყოს. ჩვენი სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა აცრის მსურველია.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- ვურჩევდი, საქმისადმი გონივრულ მიდგომას, ოჯახის წევრებმა კარგად უნდა გაიაზრონ რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლასთან და მასწავლებლებთან ერთად ოჯახის თითოეული წევრი. მათ მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ბავშვის მიმართ, შეუქმნან ბავშვს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების სათანადო პირობები თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად. აუცილებლად, თვალყური უნდა ადევნოს ოჯახის რომელიმე წევრმა, თუ რამდენად აქტიურად ერთვება ბავშვი ონლაინ გაკვეთილში.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?
- ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე, ყველამ აიმაღლა სტატუსი. ტრენინგები საჭირო და აუცილებელია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის გარკვეული საკითხების შეხსენების, ახლებურად დანახვის და სიახლეების გაზიარების კუთხით.