მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგობით დაინტერესებული პირებისთვისაა შექმნილი. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია, მსურველს ჩაბარებული ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა.
მასწავლებელთა გამოცდას ყოველწლიურად რამდენიმე ათასი დაინტერესებული პირი აბარებს. პროფესიაში შესასვლელად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარების შემდეგი საფეხური უნივერსიტეტებში 60-კრედიტიანი პროგრამის გავლაა. პროგრამა სახელმწიფოსგან ფინანსდება, თუმცა დიდი მოთხოვნის გამო, უნივერსიტეტების ნაწილი მსურველებს უფლებას აძლევს, აღნიშნულ საგანმანათლებლო კურსზე თანხის გადახდის სანაცვლოდ ისწავლოს, თუ დაფინანსებულთა შორის ვერ მოხვდით, კურსის ღირებულება 2250 ლარია.
არის თუ არა სავალდებულო 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა იმავე წელს, როცა მასწავლებლის გამოცდას აბარებ? დაგეკარგებათ თუ არა გამოცდაზე მიღებული ქულა, თუ იმავე წელს არ ჩაირიცხებით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?
როგორც აღვნიშნეთ, 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩასარიცხად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა, თუმცა თუ ისე მოხდა, რომ იმავე წელს ვერ გააგრძელებთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას, მიღებული ქულა არ დაგეკარგებათ. მასწავლებლის გამოცდაზე მიღებული შეფასება გენახებათ და შეგიძლიათ, გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობით 60-კრედიტიანი პროგრამის მისაღებ კონკურსში მომდევნო ან შემდეგ წლებში მიიღოთ მონაწილეობა.
მოქმედი კანონით, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მასწავლებლობის მსურველებისთვის საგნის გამოცდაზე მიღებული ქულა ინახება უვადოდ და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება მრავალჯერადად არაა საჭირო.
იხილეთ ასევე: ვინც, 60-კრედიტიან პროგრამას გაივლის, სკოლაში უფროსის სტატუსით შევა - დეტალური ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისთვის
60-კრედიტიან პროგრამაზე მიღება დაიწყო - რა საბუთებია საჭირო რეგისტრაციისთვის