„სწავლის დაწყებას ახალი კურიკულუმებით და საინტერესო იდეებით ვხვდებით“- ბუხუტი ღონღაძე, სვირის საჯარო სკოლის დირექტორი
13-09-2021

მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორი ბუხუტი ღონღაძე საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- დიდი მოლოდინი და სურვილი მაქვს, რომ პანდემიის გარეშე დაიწყოს სწავლა. სწავლის დაწყებას ახალი კურიკულუმებით და საინტერესო იდეებით ვხვდებით.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- სამი წელია, რაც სკოლაში მუშაობა ორივე ჟურნალით (მატერიალური და ელექტრონული) მიმდინარეობს. პედაგოგებისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მხოლოდ საჭიროა, რომ სკოლას გამართული ინტერნეტი მიეწოდებოდეს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ვაქცინაცია რომ ერთ-ერთი წყაროა კოვიდის დამარცხების, ეს უდავოა. ვფიქრობ, ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. ცნობისთვის, სკოლის პედაგოგების 60% აცრილია, დანარჩენები აგრძელებენ აცრას.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- ნამდვილად რთულია მოსწავლისთვის, რომელსაც მშობლის დახმარება სჭირდება, განსაკუთრებით პირველკლასელისთვის. ვფიქრობ, ოჯახმა უნდა მოძებნოს გამოსავალი, რადგან სულ ისე დარჩენას ნაწილობრივ ჩართვა სჯობს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ჩვენი სკოლის ორმა პედაგოგმა მიიღო 4-7 კრედიტქულა. ნამდვილად ძალიან გადაიღალნენ პედაგოგები; გამოცდები ალბათ უნდა დამთავრდეს, ხოლო ტრენინგები მასწავლებლის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იყოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203