სექტემბერში სკოლები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ - რაში შეუძლიათ დირექტორებს თანხის გამოყენება
14-09-2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.

„მიმდინარე თვიდან გაიზარდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ხელშეწყობისათვის საჯარო სკოლებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ოდენობა. დაფინანსება გაიზრდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად, ყოველი 5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების მხარდაჭერისათვის სკოლები ნაცვლად 500 ლარისა თვეში 700 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების ოდენობა საჯარო სკოლებისათვის განისაზღვრა მინიმუმ 700 ლარით და მაქსიმუმ 7 700 ლარით თვეში. აღნიშნული დაფინანსების გამოყენება სკოლებს შეუძლიათ რესურსოთახის აღჭურვისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე, ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტი)  შრომის ანაზღაურებისთვის. 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით, მომზადდა დასწრებითი და დისტანციური სწავლების დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები. რეკომენდაციები განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექციის, ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისა და სკოლების სხვა წარმომადგენლებისთვის, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203