15 სექტემბერს სასწავლო წელი დისტანციურად იწყება და აქედან გამომდინარე, სკოლების უმრავლესობაში სახელმძღვანელოები უკვე დარიგდა. როგორ მოახერხეს ეს მასწავლებლებმა, ცალკე საუბრის თემაა - იყო სიების შედგენა, მშობლებსა თუ ბავშვებთან გრაფიკის შეთანხმება და მარტივად რომ ვთქვათ, ეს პერიოდი პედაგოგებისთვის მარტივი არ ყოფილა.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმძღვანელო არასაკმარისია და ბავშვებს სრულად შევსებული კომპლექტი არ ხვდებათ. როგორც წესი, ასეთ დროს, სკოლები გამომცემლობებს მიმართავენ, არადა პირველი, ვისაც არასაკმარის რაოდენობის სახელმძღვანელოების შესახებ უნდა შეატყობინონ, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრია.
როგორ უნდა მოაგვარონ სკოლებმა, არასაკმარისი სახელმძღვანელოების პრობლემა? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ „თუ პრობლემა აქვთ წიგნებთან დაკავშირებით, სკოლამ უნდა მიმართოს ჯერ რესურსცენტრს და რესურსცენტრმა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს - esida“.