გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება ახალი 2021-2022 სასწავლო წლიდან მთლიანად აიკრძალა. ცნობილია, რომ ქართულ ენაზე განათლების მიღების ასაკრძალად, პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს. სკოლებს ნელ-ნელა ეზღუდებოდათ ქართულად სწავლების შესაძლებლობა. თავიდან დაწყებით კლასებში აიკრძალა ქართულად სწავლება, ახლა კი უკვე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც წაერთვათ ეს შესაძლებლობა.
ცნობილია, რომ აფხაზეთში სასკოლო განათლება 11 კლასიანია. აქამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ, რომ სწავლა ქართულად დაესრულებინათ, თუმცა ამ სასწავლო წლიდან უკვე ესეც აკრძალული იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დე-ფაქტო განათლების სამინისტრომ მიიღო.
ინფორმაციას ახალგაზრდული ორგანიზაცია - „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან“ ავრცელებს.
„დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა. საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა, დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომესაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებია.
დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.
ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი.
შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.