რაც შეიძლება მალე გახსენით სკოლები - ანგარიში „უნისეფმა“ გამოაქვეყნა
16-09-2021

გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახსნან სკოლები იმ ქვეყნებში, სადაც, პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.

„იუნისეფის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია. 6 ქვეყანაში: ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში მდებარე სკოლებში, რომლებიც „თითქმის მთლიანად დახურულია", 77 მილიონამდე მოსწავლე სწავლობს. აქედან თითქმის მესამედი ფილიპინებზე მოდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა აზიაში.

ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ მოსწავლეს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია.

„მოსწავლეები შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლში, მაგრამ კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და განათლების არათანაბარი ხარისხი არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისინი კვლავ დგანან,“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„იუნისეფი“ მიიჩნევს, რომ სკოლები ყველაზე გვიან უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას.

„ეს არის კრიზისი, რომლის უგულვებელყოფის საშუალებას მსოფლიოს არ მივცემთ. ჩვენი გზავნილი ხმამაღალია: ყველა საზოგადოებამ, ყველგან უნდა გაიხსნას სკოლები რაც შეიძლება მალე. სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203