მასწავლებლების ანაზღაურება საგაკვეთილო საათებზეა დამოკიდებული. პედაგოგები, ხელფასის მომატების მიზნით, ცდილობენ, მეტად დაიტვირთონ. მოგეხსენებათ, სრულზე მეტი დატვირთვა კვირაში 19 ან მეტ საათს გულისხმობს. კანონის მიხედვით პედაგოგებს მაქსიმუმ 25 საათი უნაზღაურდებათ.
რა შემთხვევაში ანაზღაურდება 30 საათზე მეტი და მიიღებთ ორმაგ დანამატს?
თუ თქვენ ორ სხვადასხვა სკოლაში ასწავლით, საგაკვეთილო საათების ანაზღაურებაზე შეზღუდვა არ მოგიწევთ. მაგალითად, შეგიძლიათ ერთ სკოლაში სრულ განაკვეთზე - 18 საათზე იმუშაოთ, მეორეგან კი - 15-ზე. ასეთ შემთხვევაში ხელფასსაც საათების შესაბამისად მიიღებთ და ორმაგი დანამატიც დაგერიცხებათ.
კვირაში 15 საათი დღეში 3 გაკვეთილის ჩატარებას მოითხოვს, 18 კი 3-4 გაკვეთილს - დღეში. იმისთვის, რომ თქვენი დატვირთვა სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ აისახოს, უმჯობესი იქნება თუ გაკვეთილებს სხვადასხვა ცვლაში ჩაატარებთ, ასეთ შემთხვევაში დასვენებასაც მოასწრებთ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლები ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის გარდა განათლების, სამუშაო გამოცდილების და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით იღებენ. დამატებითი ანაზღურება აქვს კლასის დამრიგებელსაც. რაც შეეხება სტატუსებს, დანამატი ასე გამოიყურება:
სტატუსის დანამატის სრულად აღებისთვის საკმარისია მასწავლებელს ჰქონდეს მინიმუმ 15 საათი კვირაში, დაწყებითი კლასების პედაგოგისთვის კი სტატუსის სრული დანამატის მისაღებად კვირაში 13-საათიანი დატვირთვაც საკმარისია.