„კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გამოცდას 2 ეტაპად ჩააბარებს“- ნავრეზ შავრეშიანი, ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი
16-09-2021
რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ნავრეზ შავრეშიანი გვესაუბრა.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- ახალ სასწავლო წელს ჩვენი სკოლა ხვდება დიდი იმედებით - მოვიმარაგეთ სანიტარულ-ჰიგიენური რესურსები, ასევე მივიღეთ ახალი წიგნები და სხვა სასწავლო რესურსები,შემოგვიტანეს შეშა 40 მეტრ კუბი, სიახლეა გარესპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია. კოვიდინფიცირებულები არა გვყავს, აცრებთან დაკავშირებით ცუდი მდგომარეობაა, სულ 3 პედაგოგია აცრილი ჩემი ჩათვლით.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის ეს პრობლემაა, რადგანაც ზოგიერთ კლასში 1 ბავშვია, კარგი იქნებოდა ჟურნალების წარმოება კომბინირებულად, აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა მზაობა არაერთფეროვანია. მაღალმთიან სკოლებში ყოველთვის არის ინტერნეტის პრობლემა.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- სრულიად ვემხრობი მოსაზრებას, რომ საჯარო დაწესებულებებში ვაქცინაცია იყოს სავალდებულო. მასწავლებლები აცრებთან დაკავშირებით ღებულობენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე, მათი დამოკიდებულება აცრების მიმართ ძირითადად ნეგატიურია.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- ყველა მშობელს პირველ რიგში ვურჩევდი აცრების გაკეთებას, ასევე მშობელმა მოსწავლესთან ერთად უნდა იაქტიუროს ონლაინ რეჟიმში ხარისხიანი კომუნიკაციის დასამყარებლად მასწავლებლებთან.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?
- 3-მა მასწავლებელმა კომპეტენცია დაადასტურეს, დარჩა 4 მასწავლებელი, რომლებმაც 4 კრედიტ ქულა მიიღეს. ჩემი აზრით, გამოცდებზე დიდი მოცულობის სამუშაოები უნდა შეასრულონ მასწავლებლებმა, რაც ზოგიერთ მათგანში იწვევს დროის უკმარისობას, ნერვიულობას და შედეგიც ბევრჯერ არასახარბიელოა. კარგი იქნება თუ მასწავლებელი გამოცდას 2 ეტაპად ჩააბარებს, მე არ ვთვლი უფროს მასწავლებლად ისეთს, რომელმაც საგანში დაბალი ქულა მიიღო და ტრენინგებით შეივსო დანარჩენი, მან ხომ საგანი პრაქტიკულად არ იცის.