„დაწყებით კლასებში დისტანციური სწავლებისას მთავარი როლი მშობლებს ეკისრებათ“- ეთერ წილოსანი, დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
16-09-2021
რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი გვესაუბრა.
- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?
- როგორც ყველა განვითარებადი და მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა, გვაქვს მოლოდინი, სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობა გახდება უფრო ეფექტური, გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებული საგნობრივი კურუკულუმები და კომპლექსური დავალებები იქნება მოქნილი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული, გაუმჯობესდება საგნობრივი სტანდარტის შესრულების ხარისხი და მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური დონის გაზრდას.
სასკოლო გარემო მოწესრიგებულია, სახელმძღვანელოები დარიგებულია, კომპიუტერული ლაბორატორია და ჯეოსელის კლასი გამართულია, საგნობრივი კურუკულმები შემუშავებულია, დისტანციური სწავლებისთვის ყველა პლატფორმა გამართულია, ყველა მასწავლებელმა გაიარა სავალდებულო ტრენინგები, მასწავლებელთა 75 % დღეისთვის აცრილია, covid-19- ის რეგულაციების სრული დაცვით სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისათვის.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?
- უკვე მესამე წელია სკოლა სარგებლობს ელექტრონული ჟურნალით, იყო პრობლემებიც, მაგრამ დღეისთვის თუ ინტერნეტის სიჩქარე არ შეგვიშლის ხელს ყველა მასწავლებელი მზადაა ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისთვის.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
- როგორც ყოველთვის, მასწავლებელთა კორპუსი ყოველთვის სწორ და მართებულ რეაგირებას აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართემაში, დარწმუნებული ვარ, არ არსებობს მასწავლებელი ვინც სასწავლო პროცესის სასკოლო გარემოში წარმართვას შეუშალის ხელს, ამიტომ ყველა მათგანი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრამდე.
- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?
- ჩვენი რეალობიდან გამომდინარე (გასულ წელს თითქმის სულ დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით), დაწყებითი კლასების მოსწავლეთა 99% იყო ჩართული დისტანციურ სწავლებაში და შედეგიც კარგი გვქონდა, მაგრამ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით 16 ნოემბრიდან. წელს, პირველკლასელთა საწვლება თუ არ გადაიდებოდა, ვფიქრობდით, სამინისტროსთან შეთანხმებით მხოლოდ პირველი კლასი მიგვეღო სასკოლო გარემოში, ყველა რეგულაციის დაცვით და ორი კვირის შემდეგ გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე. მინდა ავღნიშნო, რომ დისტანციური სწავლების დროს მთავარი როლი დაწყებით კლასებში მშობლებს ეკისრებათ, ამიტომ მშობლებმა უნდა მოიცალონ შვილებისთვის და მასწავლებელი უნდა ფლობდეს მაღალ დონეზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე?
- ჩვენი სკოლის მასწავლებლები ყოველთვის გამოირჩევა პროფესიონალიზმით და საგნისადმი სიყვარულით, ამიტომაც სკოლაში 43 მასწავლებლიდან 4 მენტორი მასწავლებელია, 8 წამყვანი, 29 უფროსი და 2 მაძიებელი. ჩართული ვართ ახალი სკოლის მოდელში და ყველა მათგანმა გაიარა სავალდებულო ტრენინგები, რომელიც ძალიან საინტერესო და მასწავლებლის საჭიროებაზე მორგებული იყო და ვფიქრობ, ყველა ტრენინგიდან შეიძლება მასწავლებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება, გააჩნია როგორი მიმღებლობა აქვს და რამდენად კარგი მსმენელია.