„დისტანციური სწავლებისას მშობლისა და ოჯახის როლი განსაკუთრებით გაიზარდა“ - ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი
16-09-2021
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დიდი სიხარულია და ამ დღისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ახალი სასწავლო წელი ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის დასაწყისია. გვინდა, რომ  2021-2022 სასწალო წელი იყოს მშვიდობიანი და განათლების მიღება ყველა მოსწავლემ სასკოლო გარემოში შეძლოს.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- გასულ სასწავლო წელს მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება, რომ დაუფლებოდნენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს და ამ ახალი სასწავლო წლიდან მზად ვართ გადავიდეთ სრულად ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები?

- ჩვენი სკოლის პერსონალის 60% ვაქცინირებულია, სხვებიც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარების გაუმჯობესების შემდეგ გეგმავენ. სავალდებულო ვაქცინაციას არ ვემხრობი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ ყველა მოქალაქემ საკუთარი ნებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველ კლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს, რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

-  დისტანციური სწავლებისას მოსწავლის სწავლის პროცესში მშობლისა და ოჯახის როლი განსაკუთრებით გაიზარდა. ოჯახებს ვთხოვ, რომ ყველანაირად შეუწყონ ხელი მასწავლებელებს, რათა შეუფერხებლად მოხდეს გაკვეთილების ჩატარება და ცოდნის გადაცემა.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ორ სექტორიანია. სომხური სექტორის ორმა მასწავლებელმა დაადასტურა თავისი კომპეტენცია და  უფროსი მასწავლებლების რიგს შეემატა. ვულოცავ ყველა მასწავლებელს გამოცდის ჩაბარებას. ტრენინგების ჩატარება საჭიროა, რათა ყველა მასწავლებელს სისტემაში მიმდინარე სიახლეების გაცნობისა და პრაქტიკაში დანერგვის საშუალება ჰქონდეს. გამოცდების ჩატარებას ტრენინგების შემდეგ ვემხრობი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203