რა ეკრძალება და რისი უფლება აქვს დირექტორს? - სკოლის ხელმძღვანელის ქცევის წესები კანონითაა განსაზღვრული
20-11-2021

სკოლის დირექტორებს ხშირად ერთპიროვნულ მმართველებად მოიაზრებენ ხოლმე. „დირექტორს ყველაფრის უფლება აქვს“, „დირექტორი წყვეტს ყველა საკითხს სკოლაში“, „დირექტორი არის ხელმძღვანელი და შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც სურს“ - ეს ფრაზები, რომლებიც ხშირად გაგვიგია, სრული აბსურდია.

დირექტორის ქცევაც, ისევე როგორც მასწავლებლების, კანონითაა განსაზღვრული და სკოლის ხელმძღვანელი ვალდებულია, დაემორჩილოს დირექტორის ეთიკის კოდექსს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, ესაც კანონით რეგულირდება და გარდა დირექტორისა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ სამეურვეო საბჭო და პედაგოგიური საბჭოც.

პირველ რიგში, დირექტორს ეთიკის კოდექსით მოეთხოვება, რომ დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი იყოს. ის უნდა იყოს მაგალითი სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა.

დირექტორმა სკოლაში უნდა დაიცვას დისციპლინა, თუმცა დაუშვებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

დირექტორს ეკრძალება მოსწავლეებზე, მშობლებზე და სკოლის თანამშრომლებზე პირადი ინფორმაციების გავრცელება. ის ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორს ეკრძალება რელიგიური (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკური პროპაგანდა.

დაუშვებელია სკოლის დირექტორის მხრიდან პირადი მიზნებისათვის მოსწავლეების ან სკოლის პერსონალის გამოყენება.

სკოლის დირექტორს ასევე ეკრძალება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირის რაიმე სახის შეურაცხყოფა და მათზე ემოციური (ფსიქოლოგიური) ზეწოლა.

დირექტორის მეტყველება და ჩაცმულობაც კი კანონით კონტროლდება. ის უნდა მეტყველებდეს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართულად და გასაგები ენით, ეცვას მოწესრიგებულად.

დაუშვებელია, სკოლის დირექტორის მხრიდან საკუთარი სკოლის მოსწავლის მომზადება ანაზღაურების სანაცვლოდ.

სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203