„თიმსს ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია, სისტემაში შესვლა ყველა მასწავლებელს შეუძლია“ - „ემისის“ წარმომადგენელი აქტუალურ კითხვებს პასუხობს
24-09-2021

ახალი სასწავლო წელი, პანდემიის რისკებიდან გამომდინარე, საქართველოში კვლავ ონლაინ დაიწყო. როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრიდან სკოლების ნაწილში სწავლა შესაძლოა, საკლასო აუდიტორიებში განახლდეს. ეს ეხება იმ რეგიონის სკოლებს, სადაც კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. მანამდე კი, სწავლების დისტანციურად დაწყების პარალელურად, თიმსი ისევ სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. Etaloni.ge-სთვის არაერთხელ მიუმართავთ პედაგოგებსა და მოსწავლეებს პრობლემით, რომ აპლიკაცია გამართულად არ მუშაობდა. სისტემაში არ უშვებდა მომხმარებელს და მობილურ ტელეფონში ხარვეზებით ფუნქციონირებდა. Etaloni.ge-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კითხვებზე საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნინო ეფხოშვილმა უპასუხა. მან ისაუბრა რა ხდებოდა პრობლემების ძირითადი მიზეზი და ასევე, იგეგმება თუ არა თიმსის სხვა, ანალოგიური აპლიკაციით ჩანაცვლება.

როგორც ნინო ეფხოშვილი ამბობს, სისტემას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, თიმსს ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია, სისტემაში შესვლა   ყველა მასწავლებელს ჩვეულებრივად შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პაროლი ან მომხმარებლის სახელი დაავიწყდათ, არის საიტი სადაც საკუთარი პირადი ნომრით მონაცემების აღდგენა შეუძლიათ. არის განახლებებიც, სისტემა 3-4 თვის განმავლობაში იხვეწება და ახლდება.

თუ ამის მიუხედავად, მოსწავლე ან მასწავლებელი მაინც ვერ შეძლებს სისტემაში შესვლას, მაშინ მათ აპლიკაციის თავიდან ჩამოტვირთვის რეკომენდაცია აქვთ.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ წაშალონ აპლიკაცია და თავიდან გადმოიწერონ ან განაახლონ (დააფდეითონ). ამ შემთხვევაში, პრობლემა არ ექნებათ. რაც შეეხება იუზერების ნაწილს, რასაც თვალს ვადევნებ, ხშირად აქვთ კითხვები რომ ვერ შედიან სისტემაში და ისევ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პაროლი თავიდან აღადგინონ. შედეგად, ისინი სისტემის მოხმარებას შეძლებენ. ნებისმიერ კომპიუტერულ მოწყობილობაში მობილური იქნება ეს, პლანშეტი თუ კომპიუტერი, აღნიშნული სისტემის გამოყენება შესაძლებელია“,- ამბობს საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება კლასების პედაგოგების მიერ შექმნის საკითხს, საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნინო ეფხოშვილმა თქვა, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის თიმსში ყველა კლასი არ იყო შექმნილი და ზოგიერთ მასწავლებელს თავად მოუწევდა ამის გაკეთება. შედეგად, ჩნდება კითხვა, გარკვეული დროის შემდეგ სისტემა შექმნის თუ არა ანალოგიურ კლასებს და ამ შემთხვევაში, პედაგოგები როგორ უნდა მოიქცნენ.

„კლასების შექმნა დამოკიდებულია იმაზე თუ სისტემაში რამდენად დროულად მოხდება მონაცემების ასახვა. შესაბამისად, როგორც კი სკოლის ადმინისტრაცია მონაცემებს შეიტანს, თიმსში დასინქრონდება. უბრალოდ, აქ საკითხი არის ის, რომ  მონაცემები ძალიან დიდია და რაც უფრო გვიან შევიყვანთ ამ მონაცემს, მით მეტი მონაცემი წავა თიმსში დასასინქრონებელი, შესაბამისად, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ, შეიძლება არსებობდეს კლასები, სადაც ჯერჯერობით არ არის შექმნილი ვირტუალური კლასები და ამ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, თავად შექმნან მასწავლებლებმა კლასები. ეს კლასები სისტემის მიერ მაინც შეიქმნება და გამოჩნდება, თუმცა მერე, რა თქმა უნდა, შეძლებენ, რომ გაფილტრონ და ან ჩვენი შექმნილი კლასი დატოვონ ან თავიანთი. შეეძლებათ იდენტიფიცირება რომელია თავიანთი და რომელი ავტომატურად სისტემის მიერ შექმნილი. ავტომატურად ჩვენ არაფერს არ ვშლით, თვითონ პედაგოგები აირჩევენ რომელი უნდა დატოვონ. ორივეს გამოყენებაც შეუძლიათ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში უფრო რთულია ხოლმე იდენტიფიცირება სად რა არის ხოლმე. ამიტომ, რეკომენდაციაა რომ ერთი დატოვონ, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს არ წავშლით“,- განმარტა ნინო ეფხოშვილმა.

როდის შექმნის სისტემა ყველა კლასს ამაზე პასუხი საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს არ აქვს.

„სამწუხაროდ, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რა დრო სჭირდება ზუსტად არ ვიცი. ეს პროცესი დაწყებულია და ავტომატურად ხდება. როგორც კი დაემატება ახალი კლასი, შემდეგ უკვე მიდის თიმსში და ამას რა დრო დასჭირდება ნამდვილად ვერ გეტყვით“,- ამბობს ნინო ეფხოშვილი.

რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა თიმსის სხვა ანალოგიური აპლიკაციით ჩანაცვლება, სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი იგეგმება, თუმცა სკოლებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ რომელი აპლიკაციით ისარგებლებენ. უბრალოდ ამ შემთხვევაში, მათ განათლების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფი დახმარებას ვერ გაუწევს.

„ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში თიმსის ჩანაცვლება არ იგეგმება, თუმცა ის არ არის სავალდებულო სახის. თიმსის გამოყენების შემთხვევაში, უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს ცენტრალიზებულად მხარდაჭერა და კონსულტაცია გავუწიოთ. ამ ნაწილში ჩვენ შეგვიძლია ჩავერთოთ, თორემ არაა ვალდებულება, რომ მხოლოდ თიმსი გამოიყენონ. ასეთი ჩანაწერი არ არსებობს. თუ თიმსში კლასებს ჩვენ ვუქმნით, სხვა სისტემებში ამის გაკეთება თავად მოუწევთ“,- ამბობს საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203