„სკოლის მასწავლებლებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია“ - ნუნუ სილაგავა, სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი
21-09-2021
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლას მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლა 4 ოქტომბერს მოსწავლეების მისაღებად მზადაა. იმედი გვაქვს 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებების მომტანი იქნება.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში შემოდის ელექტრონული ჟურნალის წარმოება. სკოლის მასწავლებლები ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში გათვითცნობიერებული არიან და არის მზაობა იმისა რომ სრულად გაართვან თავი; რა თქმა უნდა, ელექტრონული ჟურნალი ბევრად მოსახერხებელია.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სკოლის მასწავლებლებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ მათი უმეტესი ნაწილი ორჯერადად აცრილია. დარჩენილი ნაწილი კი იცრება. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ვაქცინა გადაგვარჩენს. 

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- პირველკლასელთა დასწრებით ფორმატში სწავლის დაწყებას მივესალმებით, რადგან სხვა განცდაა მოსწავლის სკოლასთან და მასწავლებელთან უშუალოდ შეხვედრა, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- სკოლის პედაგოგიური კოლექტივის 98% სერტიფიცირებულია. მიგვაჩნია, რომ ტრენინგები აუცილებელია. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203