„სკოლას არ რჩება დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში, ტექნიკის გარეშე გამოიყენებს“-მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ელექტრონული ჟურნალის შესახებ
მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ლიუდმილა ლექვინაძე საუბრობს.- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?- მაღლაკის საჯარო სკოლაში დისტანციურად სწავლა დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს; არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლის პროცესში საერთოდ არ ჩართულან (7 მოსწავლე ტექნიკის არ ქონის და გაუმართაობის გამო). პანდემია დამთავრდება და სწავლას საკლასო ოთახებში შევძლებთ .
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?- გასულ წელს ელექტრონული ჟურნალების შევსების პროცესი წარმატებით გავიარეთ, მიმდინარე წელს ელექტრონული ჟურნალის ფუნქციონალები ერთბაშად გაიზარდა, რაც საკლასო ჟურნალების ერთი ხელის მოსმით გაუქმებამ გამოიწვია; ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, როგორც მშობლებს ასევე მასწავლებლებს ძალიან უჭირთ; სკოლას არ რჩება დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე გამოიყენებს.
- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ? - კოვიდგადატანილ მასწავლებლებს ჯერ კიდევ უხდებათ ბრძოლა კოვიდის მიერ დატოვებულ ჯანრთელობის დარღვევებთან, მაგალითად, სისხლის გასქელებასთან. მათ ვერ ურჩევენ ექიმები, რომ აუცილებლად აიცრან, მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა სულ ახლახან მოიხადა კოვიდი, ასე რომ 80%-ის აცრილი მასწავლებლის მარტივად დათვლა ვერ ხერხდება, საკითხი მეტ ჩაღრმავებას და ანალიზს მოითხოვს. აცრა უნდა დარჩეს ნებაყოფლობითი. რეგულაციების დაცვისათვის მოინახოს ალტერნატიული გზა.
- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?- პირველ კლასში შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში დაგვეწყო სწავლა.
- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ?- არ მყავდა კურსდამთავრებული, რადგან ჩვენი სკოლა დაწყებითი - საბაზოა.