„მაღალი მოლოდინია რომ 4 ოქტომბერს არა მხოლოდ პირველკლასელები, არამედ ყველა მოსწავლე დაუბრუნდება სკოლას და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა და დასძინა, რომ განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია და სკოლებიც, როგორც კი მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, მზად არიან, დაიცვან პროტოკოლი.
„სკოლებს აქვთ ინსტრუქცია, როგორც მართონ სასწავლო პროცესი, იზრდება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი - 58 პროცენტია აცრილი, გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირაში მოიმატებს და დავიცავთ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას“, - განაცხადა დგებუაძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და განათლების სამინისტროს სურვილია, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ:
„დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და ნუ გგონიათ, რომ ვინმე გაიძულებთ იმუნიზაციის პროცესში ჩართვას; ესაა ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზებული შეხვედრები. ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, მინდა დავამშვიდო ის ადამიანები, რომლებიც ემოციურად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაცია და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ ჩვეულ რეჟიმში“.
სასწავლო პროცესის განახლებას რაც შეეხება - მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სამინისტროს მაღალი ინტერესია, დავბრუნდეთ სკოლებში.
„როგორ ვიწყებთ სასწავლო პროცესს? - ყველა წესი, ყველა რეგულაცია თავმოყრილია განახლებულ დოკუმენტში - სკოლის კარის შეღებიდან რა პროცედურებს გადის მოსწავლე და განახლებულ დოკუმენტს მომდევნო კვირაში სკოლები მიღებენ.
ავაწყვეთ მონიტორინგის სისტემა, სკოლა ანგარიშვალდებულია ასახოს, რა გამოწვევებს ხედავს კოვიდ-19-თან მიმართებაში; არსებობს მონიტორინგის სისტემა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რესურსცენტრები ჩართულები იქნებიან მონიტორინგის სისტემაში და ასევე, მშობლებმაც მონიტორინგი უნდა გაწიოთ სკოლებში და თუ სადმე, წესი დაირღვევა, აცნობოთ განათლების სამინისიტროს, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.
იმისთვის რომ დავბრუნდეთ სკოლებში, მინიმალური წესების - პირბადის ტარება, ჰიგიენის ნორმების დაცვა... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ არ დაეხმარებით სისტემას, სამინისტროს ძალიან გაუჭირდება ხარვეზის იდენტიფიცირება, ჩვენ კი მზად ვართ რეაგირებისთვის“.