ყველა სკოლა იხსნება 4 ოქტომბრიდან - მთავრობის გადაწყვეტილება გამოცხადდა
28-09-2021
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდება დასწრებითი სწავლება ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებს უფლება ექნებათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება დასწრებითი სწავლება იქნება თუ ონლაინ მოდელი - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ყველა მოსწავლისთვის, მასწავლებლისა და სკოლის პერსონალისთვის.
„მე მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მოსწავლის მშობლებზე. იმისთვის რომ ჯანსაღი გარემო იყოს შენარჩუნებული სკოლებში არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში, შესაბამისად უმორჩილესა ვთხოვ ჩვენი ბავშვების მშობლებს რომ აიცრან“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მისივე თქმით, მასწავლებელთა აცრის მაჩვენებელი 65%-ს უახლოვდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშობლებს უფლება ექნებათ სურვილის შემთხვევაში აირჩიონ ონლაინ სწავლება.