იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ეკოგუნდი „ედელვაისი“ გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს
29-01-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში 2017 წლის გაზაფხულზე შეიქმნა ეკოგუნდი „ედელვაისი“, რომელიც ჩაერთო ნიკო კეცხოველის 2018 წლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში.

კონკურსს ამიერკავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებას, გარემოსდაცვით საქმიანობას, ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნას, ნიკო კეცხოველის პოპულარული გზების გავლას, თანამშრომლობას სახელმწიფო სამსახურებთან და ა.შ. 

პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და „ედელვაისმა“ განახორციელა ძალიან ბევრი აქტივობა. ამჯერად შევჩერდებით მხოლოდ გარემოსდაცვით აქტივობებზე. გუნდის წევრებმა მოამზადეს უამრავი ფოტორეპორტაჟი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გარემოს დაბინძურების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ნაგავი და ნაგავსაყრელები: ხშირია სტიქიური ნაგავსაყრელები, განსაკუთრებით საკურორტო ადგილებში, ასევე ხშირია მდინარეების დაბინძურების შემთხვევები. მოსწავლეებზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ბზის ალურის მიერ გამოწვეულმა კოლხური ბზის სავალალო მდგომარეობამ სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ლეჩხუმში, სოფელ ქულბაქში. მოსწავლეები მიუყვებოდნენ ბზის კორომებს ჯონოულის ხეობაში, რომელიც ახლა საშინელებათა ფილმების დეკორაციებს უფრო ჰგავდა. მათ მონაწილეობა მიიღეს ბზის ალურის შეწამვლის პროცესში, რომელსაც ატარებდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტი. ეს მათთვის დიდი გამოცდილება იყო. 

„ედელვაისმა“ რამდენჯერმე განახორციელა მაკულატურის შეგროვების აქცია. მოსწავლეებმა დაამზადეს გარემოსდაცვითი შინაარსის ფლაერები და გაავრცელეს მოსახლეობაში; სკოლის ეზოში დარგეს 10 კედარი და ერთი სოჭი, რომელიც „ფლორა ვესტლანდმა“ გადასცა მათ საჩუქრად. მოინახულეს სახელმწიფო ნაკრძალები და აღკვეთილები: სათაფლია, აჯამეთი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები-ისპანი 2, პალიასტომი-ფიჩორა; ასევე ქუთაისის, ბათუმისა და ბაკურიანის  ბოტანიკური ბაღები. 

ნარჩენების სეპარირებისა და უტილიზაციის მიზნით, სკოლაში მოაწყვეს გამოფენა საახალწლო თემატიკაზე, ასევე მოეწყო გამოფენა „ჩემი ქუთაისი“. განსაზღვრეს ნიტრატების შემცველობა საკვებ პროდუქტებში, შეამოწმეს ჰაერის ხარისხი სკოლაში და სკოლის ეზოში. „ედელვაისი“ აგრძელებს გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203