მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებას მიხელი ჩხენკელმა გააცნო: „კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს, რასაკვირველია, ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს.
ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ!
რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფლება ექნებათ, 4 ოქტომბერს პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიაში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები თავად იღებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
მსურს, თხოვნით მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ აცრილ მასწავლებელთა რაოდენობა 65% უახლოვდება. UNICEF-თან ერთად ჩვენი სამინისტრო აგრძელებს აქტიურ კამპანიას იმისთვის, რომ სკოლის პერსონალი იყოს სრულად ვაქცინირებული. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვების მშობლებზე – იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში, ჯანსაღი გარემო უნდა იყოს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ ოჯახებში, მათ სახლებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვ ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების მშობლებს, რომ აიცრან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ რომელიმე მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა ონლაინ სივრცეში გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ მას ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. ეს არჩევანი აქვს ყველა მშობელს. აღნიშნული პრაქტიკა უკვე დანერგილი გვქონდა გასულ სასწავლო წელს. გვაქვს პორტალი და სკოლის ადმინისტრაცია გაუწევს ამ პროცესს ორგანიზებას“.