სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 4 ოქტომბერს იწყება, თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა პატარამ, სანამ ცოდნის ტაძარში შეაბიჯებს, ისეთი განათლება მიიღოს, რაც სასკოლო ცხოვრების ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეტალონის პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბავშვებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცა და რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო საბავშო ბაღების მენეჯერებსა თუ აღმზრდელებს თავად ავტორმა წარუდგინა.
აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ამიერიდან, საბავშვო ბაღებში გააცნობენ ბავშვებს, რათა ისინი სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო თავგადასავლებს მომზადებულები შეხვდნენ.
ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ Etaloni.ge-სთან საუბრისას „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სახელმძღვანელო სკოლისწინ მოსამზადებელი ძალიან კარგი საშუალებაა:
„შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ბატონ გოჩასთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, როგორც საბავშო ბაღების მენეჯერები, ისე აღმზრდელები; „პირველკლასელთა აკადემია“ შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, რათა უკეთ მოემზადონ სკოლისთვის, თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმძღვანელო უზრუნველყოფს მშობელთა აქტიურ ჩართულობასაც შვილების განათლებაში.
პირადად გავეცანი „პირველკლასელთა აკადემიას“ და თამამად შემიძლია ვთქვა - სასკოლო მზაობისთვის მისი გამოყენება აუცილებელიც კია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად დაინერგება ის ინოვაციები, რასაც წიგნი-რვეული გვთავაზობს“.
ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალეკო სურგულაძემ კი „პირველკლასელთა აკადემია“ ერთი სიტყვით დაახასიათა და სახელმძღვანელოს სამომავლო მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„შესანიშნავია! ამ ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო „პირველკლასელთა აკადემია“, ნასიამოვნები ვარ ამ შეხვედრით და აღმზრდელებმაც მოიწონეს სახელმძღვანელო. „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება და თამამად ვიტყვი - ესაა ჩვენი ხვალინდელი დღე.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის როლს, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების პოპულარიზაციას, არაფორმალური განათლების პროექტებს და სიმართლე გითხრათ, „პირველკლასელთა აკადემიას“ დიდი პიარი არც სჭირდება - იმდენად ღირებულია თითოეული ჩვენგანისთვის“.
თამუნა თავზარაშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კი, ისიც გვითხრა, როგორც მშობელი, აქტიურად გამოვიყენებ „პირველკლასელთა აკადემიას შვილების სასკოლედ მომზადებისთვისო:
„გვქონდა ბედნიერება გავცნობოდით ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილ წიგნ-რვეულს „პირველკლასელთა აკადემიას“ და განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ბატონმა გოჩამ თავად წარგვიდგინა თავისი სულისა და გულის ნაწილი - ეს სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მომავალ პირველკლასელს დაეხმარება მომზადებულმა, მყარი ცოდნით შეაბიჯოს სკოლაში.
მეც გავეცანი პირველკლასელთა აკადემიას და ძალიან მომეწონა- ესაა არაჩვეულებრივი ხარისხის, ძალიან კარგად შედგენილი წიგნი-რვეული. ჩემი შვილები - ტყუპები მყავს - წელს შედიან სკოლაში და მოხარული ვარ, რომ პირადად მომეცემა საშუალება, ბავშვებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარო ეს საინტერესო გზა, რომელსაც „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა ბავშვსა და მშობელს სთავაზობს.
ასევე დარწმუნებული ვარ, საბავშო ბაღის აღმზრდელებისა თუ მასწავლებლების ძალიან საინტერესო იქნება „პირველკლასელთა აკადემიის“ საშუალებით ბავშვების სასკოლედ მომზადება... აქვე გეტყვით - ჩემს შვილს ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა ბატონი გოჩას პრეზენტაციას და აღფრთოვანება ვერ დამალა - დედიკო, როგორ კარგად აგვიხსნა ყველაფერიო...
დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც კიდევ მოგვეცემა საშუალება, პირველკლასელთა აკადემია ჩვენი შვილების განვითარებისა და განათლების აქტიურად გამოვიყენოთ და ამისთვის მადლობას ვუხდი ავტორს - გოჩა ტყეშელაშვილს, ასევე ოზურგეთი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაკა ჭყონიას... გისურვებთ წარმატებებს და მინდა, იცოდეთ, ყოველთვის გგულშემატკივრობთ“.