სწავლა დასწრებითი ფორმატით განახლდა, თუმცა სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის გარეშე, ამ მდგომარეობის შენარჩუნება რთული იქნება. სწორედ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა სამუშაო გაწია განათლების სამინისტრომ, რათა მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაბრუნებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა პედაგოგებთან, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ესწრებოდა.
დგებუაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მათ შორის გახლდათ მასწავლებლების ფაქტორი:
„მინდა მნიშვნელოვან საკითხს შევეხო - ესენი არიან მასწავლებლები. განათლების სისტემამ პანდემიის დროს ძალიან რთული გზა გაიარა, გამოცდილება, რასაც ჰქვია ტექნოლოგიების გამოყენება და ვირტუალურ სივრცეში სასწავლო პროცესის ორგანიზება, არ არსებობდა; შეუძლებელია, არ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა არ გადავუხადო არა მხოლოდ ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლებს, ასევე ლექტორებს... დიდ მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს, სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვისთვის - მათ უზრუნველყვეს ყველა მოსწავლისთვის განათლების ხელმისაწვდომობა“.