„ეს იყო ცოცხალი ურთიერთობების, ცოცხალი საგაკვეთილო პროცესის ზეიმი“ - გოჩა ტყეშელაშვილმა ბათუმის სკოლებს დასწრებითი სწავლების განახლება პირადად მიულოცა
05-10-2021
4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებში დასწრებითად განახლდა. პირველკლასელებმა კი პირველად შეაღეს სკოლის კარი... რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და მუხტი, რომელიც ცოდნის ტაძარში ტრიალებდა... მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნების სიხარული ვერც პანდემიურმა რეალობამ მიანავლა.

დასწრებითად განახლდა სწავლა ბათუმის სკოლებშიც და რამდენიმე მათგანს ამ დღეს „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ესტუმრა იმისთვის, რომ „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრებისთვის, თანამოაზრეებისა და პატარა იზრუნელებისთვის, პირადად მიელოცა სკოლაში დაბრუნება და გაეცნო სამომავლო პროექტები, რომლებიც უცვლელ მიზანს - მომავალი თაობების განათლებას ემსახურება.

მოგვიანებით, მასპინძელი სკოლების დირექტორებმა გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა შეაფასეს და მოსწავლეებს დასწრებით ფორმატში სწავლის განახლებაც მიულოცეს.
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკი საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა, ზურაბ ზაქარაძემ Etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ახალ სასწავლო წელსა და დასწრებით ფორმატში სწავლის განახლებას სკოლა ახალი კორპუსით შეხვდა:

„უმნიშვნელოვანესი დღეა. მინდა, მივულოცო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დასწრებით ფორმატში სასწავლო პროცესის განახლება. მოხარული ვარ, სკოლის განახლებული კორპუსით დავიწყეთ სასწავლო წელი, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვების მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩვენ სკოლას სტუმრობდა ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, რომელმაც პირადად გაგვაცნო პროექტები და გეგმები, რომლებიც ჩვენი ბავშვების განათლების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ „ეტალონთან“, ვთანამშრომლობთ და დარწმუნებული ვარ, ყველა სიახლე, ყველა ახალი წამოწყება უკეთეს შედეგზე გაგვიყვანს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ეტალონსა“ და ბატონ გოჩასთან მეგობრობა, რომელიც, ახალი პროექტების დამსახურებით, დარწმუნებული ვარ, სხვა ჭრილში გადავა“.

მარიზა აბაშიძემ, ბათუმის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს ემოციური დღე, გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობამ დაუვიწყარი გახადა:
„გუშინ იყო ემოციური დღე არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ საქართველოს ყველა სკოლაში - ეს იყო ცოცხალი ურთიერთობების, ცოცხალი საგაკვეთილო პროცესის ზეიმი... ჩვენს სკოლას კი 4 ოქტომბერს ბატონი გოჩას სტუმრობამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა და მოხარული ვარ, რომ პირადად მოაწყო იმ პროექტებისა თუ გეგმების პრეზენტაცია, რასაც სამომავლოდ, ჩვენი აქტიური ჩართულობით გეგმავს.

დარწმუნებული ვარ, ეს შთაბეჭდილება ჩვენი მოსწავლეების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. ბავშვებს უყვართ „ეტალონი“, izrune.ge... ბატონი გოჩას პირადად გამოჩენამ მათთვის ნამდვილი დღესასწაული შექმნა. დავათვალიერებინეთ სკოლა, ვაჩვენეთ სახელოსნო, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია - გვაქვს თიხის გამოსაწვავი ღუმელი, ვასწავლით ბატიკას, თექას... ბატონ გოჩას საჩუქარიც გადავეცით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა „ეტალონთან“, izrune.ge-სა და პირადად ბატონ გოჩასთან ძალიან პროდუქტიული იქნება“.

ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატო გოგუაძემ, etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა მოსწავლეების მოტივაციაზე დადებითად აისახება, მით უმეტეს, შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები izrune.ge-ში:

„მადლობა ღმერთს, რომ დავუბრუნდით სასკოლო სივრცეს და განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, ბატონმა გოჩამ ჩვენთან სტუმრობა რომ გადაწყვიტა. გაიცნო ჩვენი პატარები და დარწმუნებული ვარ ეს შეხვედრა მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მეც მინდა მივულოცო არა მხოლოდ ჩემი სკოლის, არამედ ყველა მოსწავლეს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება  და ვუსურვებ, აღარასოდეს დავუბრუნდეთ ონლაინ-გაკვეთილებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203