კლასის დამრიგებლები მშობლებს სკოლაში ვეღარ დაიბარებენ, შეზღუდულია სკოლის ღია ტერიტორიაზე თავშეყრაც, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე პედაგოგები მშობლებს სკოლის ეზოში ჯგუფურად ესაუბრებოდნენ, მათ კომუნიკაციის ეს ფორმა უნდა შეცვალონ.
კორონავირუსმა ურთიერთობები რომ გააუცხოვა, ეს ახალი არაა, სასკოლო რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციაც. თუ პანდემიამდე მშობლების ვიზიტებისთვის სკოლაში ერთი დღე იყო გამოყოფილი, ახლა სკოლის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალსა და მოსწავლეებს შეუძლიათ. აკრძალულია მშობელთა კრების ჩატარებაც. პედაგოგები ერთგვარ უხერხულობას განიცდიან, როდესაც შვილის განვითარებით დაინტერესებული მშობლების კარიდან გაბრუნება უწევთ და საშუალება არ აქვთ, ყველა მშობელს პირისპირ ესაუბრონ.
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეგულაციების თანახმად, მშობელთა კრების პირისპირ ჩატარება იკრძალება, თუმცა სამინისტრო პედაგოგებს ალტერნატივად ონლაინ პლატფორმას სთავაზობს. მასწავლებლებს შეუძლიათ მშობლებს „თიმსის“ საშუალებით ჩაუტარონ კრება, თუ მშობელთა მცირე ჯგუფთან სურთ პედაგოგებს საუბარი, ხშირად ისინი ფეისბუქსივრცესაც იყენებენ. არავინ იცის ზუსტად, როდემდე გასტანს ონლაინ ურთიერთობები.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს სწავლა საქართველოს ყველა კერძო და საჯარო სკოლაში განახლდა.