სკოლებში სწავლა განახლდა, მშობლებს უფლება აქვთ, აირჩიონ, მათი შვილი ონლაინ ისწავლის თუ დასწრებულად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედაგოგებს ერთი გაკვეთილის ჩატარება ორმაგად უწევთ - სკოლაში და სახლში.
იწერება თუ არა ახალი ცხრილი ასეთ დროს? განსხვავდება თუ არა დასწრებული და ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა? როგორ უნდა მოირგოს საგაკვეთილო ბადე მასწავლებელმა?
სკოლის დირექცია მასწავლებელს უფლებას აძლევს, თავად აირჩიოს ონლაინ გაკვეთილის ჩატარების დრო, რათა პედაგოგს სკოლაში გაკვეთილის ჩატარებაში ხელი არ შეეშალოს. თუ მასწავლებელი დატვირთულია და მას ონლაინ გაკვეთილების სახლიდან ჩატარება არ შეუძლია, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს, სკოლიდანვე, თანაკლასელებთან ერთად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში ის მოსწავლე, რომელმაც დისტანციური სწავლება აირჩია. გარდა ამისა, კიდევ ერთი დაშვება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააკეთა, ონლაინ გაკვეთილების მსურველ მოსწავლეთა გაერთიანებაა.
ახალი რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია საჯარო სკოლების I-XII კლასებში შეიქმნას დისტანციური სწავლების ე.წ. „ონლაინჯგუფი“ (კლასების მიხედვით), რომელშიც გაერთიანდებიან დისტანციური სინქრონული ფორმით სწავლების მსურველი მოსწავლეები (ერთი კლასის ფარგლებში ან პარალელური კლასებიდან). მოსწავლეთა რაოდენობა „ონლაინ ჯგუფში“ I-VIII კლასებში არ უნდა აღემატებოდეს 29-ს, ხოლო IX -XII კლასებში-35-ს. „ონლაინჯგუფის“ პედაგოგი შეიძლება იყოს იმავე სკოლის შესაბამისი საგნის სხვა მასწავლებელიც.
რეგულაციებიდან გამომდინარე სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირებულია. 45 წუთიანი გაკვეთილები აღარ არსებობს. დირექციას უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, გაკვეთილები 30 წუთიანი იქნება, 35 თუ 40. რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილებს, კანონის მიხედვით, რეკომენდებული ხანგრძლივობა I-IV კლასებში 15-20 წუთია, V-IX კლასებში – 25-30 წუთი, X-XII კლასებში კი – 35-40 წუთი.
ცნობისთვის, დისტანციური სწავლების ფორმატი 28 ათასზე მეტმა მოსწავლემ აირჩია.