2022 წლის იანვრიდან სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასი 100 ლარით იმატებს - ასეა გაწერილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტში და ხაზგასმითაა აღნიშნული რომ სკოლების დაფინანსებაც იზრდება.
ბიუჯეტის პროექტში არაფერია ნათქვამი სკოლის ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის ხელფასების გაზრდაზე. რომელთა ანაზღაურებაც დღეს მინიმალურია და 200-დან 300 ლარამდე მერყეობს,ზოგიერთ შემთხვევაში კი, 200 ლარზე ნაკლებია. სკოლის თანამშრომლები წლებია, მთავრობას ხელფასის მომატებას სთხოვენ, თუმცა ფაქტია, მათი ფაქტორი კვლავაც არავის გაუთვალისწინებია.
დოკუმენტში განმარტებულია - სკოლების მომატებულ დაფინანსებას სწორედ იმიტომ მიიღებენ, რომ პედაგოგების მომატებულ ანაზღაურებას მოახმარონ თანხები:
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 975.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან“ - ეს კი ავტომატურად ნიშნავს, 2022 წლის ბიუჯეტით, სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა პერსონალის ხელფასის მომატება არ განიხილება.