სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა 2010 წელს აშენდა. სკოლაში სადაც 228 მოსწავლე სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სკოლის შესახებ დირექტორი, ქალბატონი მარიამ ბოლაშვილი გვესაუბრა.
- ჯუგაანის საჯარო სკოლა 1930 წლიდან არსებობს. 2010 წლამდე ვსწავლობდით ძველ, ამორტიზირებულ შენობაში, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სკოლის მოთხოვნებს. შენობა მორგებულია სსსმ მოსწავლეებზე. ყველაფერთან ერთად სართულებს შორის არის მოძრავი ლიფტი. სკოლა თბება ცენტრალური გათბობით, ყველა სართულზეა კეთილმოწყობილი სველი წერტილები. გვაქვს თანამედროვე სპორტდარბაზი, სააქტო დარბაზი და დიდი ბიბლიოთეკა. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული და საგანმანათლებლო წრეები.
- რამდენი მოსწავლეა სკოლაში?
- 228 მოსწავლეა. 33 მასწავლებლიდან 14 სერტიფიცირებულია. ყოველწლიურად მოსწავლეთა უმეტესობა უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი ქულებით ირიცხება და მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი. მაღალი შედეგი გვაქვს ოლიმპიადებში, აქტიურად მონაწილეობენ მხატვრულ და სპორტულ ღონისძიებებშიც. ჩვენი მოსწავლე შოთა უგრეხელიძე მიწვეულია და თამაშობს მილანის ახალგაზრდულ ნაკრებში. შოთა ალადაშვილს წარმატებები აქვს სპორტის სახეობა „კარატეში“. მან საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი და „შავი ქამარი“ მოიპოვა.
- სკოლას მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ჰქონია. ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები ბიბლიოთეკას?
- მართალი ხართ, სკოლის ბიბლიოთეკა მდიდარია მხატვრული ლიტერატურით. თითქმის ყველა დასვენებაზე და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკის ოთახი ბავშვებით სავსეა.
- რა სახის ღონისძიებებს ატარებთ სააქტო დარბაზში ყველაზე ხშირად?
- სააქტო დარბაზში ტარდება საშემოდგომო, საახალწლო და საგაზაფხულო ღონისძიებები. როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, ასევე უფროსკლასელებში, ყოველწლიურად ტარდება გამოსაშვები საღამოები. ასევე იმართება მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მიერ დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები.