კომპლექსური დავალებები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაინერგა. თავდაპირველად, დავალებები დაწყებითი საფეხურისთვის იყო განკუთვნილი, ამჯერად კი ბავშვებს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა საბაზო და საშუალო საფეხურზეც უწევთ. პედაგოგებს კომპლექსური დავალებების უკეთ გასააზრებლად და დასანერგად ტრენინგები ჩაუტარდათ.
რა მიზანს ემსახურება კომპლექსური დავალება?
კომპლექსური დავალება - ეს არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლითაც მოსწავლე ავლენს, თუ რა გაიგო და ისწავლა შესასწავლ თემაზე. ჩვეულებრივი დავალებისაგან განსხვავებით, რომელიც დამახსოვრებაზეა ორიენტირებული, კომპლექსური დავალება მოითხოვს მოსწავლისაგან საკითხის ღრმად გააზრებას, უფრო კონკრეტულად კი მოსწავლემ შესწავლილი საკითხი ცხოვრებისეულ თემებთან უნდა დააკავშიროს და კომპლექსურად გაიაზროს, რათა მიღებული ცოდნის გამოყენება შეძლოს.
კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლე ქმნის პროდუქტს, დავალება კი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ესგ-ს და საგნობრივ პროგრამას.
საგნობრივ სტანდარტში ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენებია განსაზღვრული. სწორედ ცნებები და მათი შესაბამისი მკვიდრი წარმოდგენები არის მთავარი საწყისი კომპლექსური დავალების პირობის შედგენისას. ყველა პედაგოგს შეუძლია, კომპლექსური დავალებით სამიზნე ცნებაზე მისთვის სასურველი საკითხებით გავიდეს.
კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტი შეიძლება იყოს: სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, პრეზენტაცია კონკრეტულ საკითხზე, პოსტერი, კომიქსი, ანიმაცია, წერილი, მოთხრობა, წარმოსახვითი ინტერვიუ, რეპორტაჟი და ა.შ.
როგორ უნდა შევქმნათ კომპლექსური დავალების პირობა და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ იქამდე, სანამ დავალებას შეასრულებს?
სანამ მოსწავლეს დავალებას მისცემთ, მკაფიოდ აუხსენით, რა შემოქმედებითი პროდუქტი უნდა შეიქმნას. რომელი საკითხების შესახებ გამოავლინოს თავისი ცოდნა (მაგალითად, რა გაგახსენა ამ ამბავმა? რომელი ორი თვისებით გამოარჩევდი პერსონაჟს? და ა.შ.). მიეცით მსჯელობის და საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალება, მიუთითეთ, რომ მან თეორიული მასალა ცხოვრებისეულ მოვლენებს დაუკავშიროს.
კომპლექსური დავალების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ნამუშევრის წარდგენაა, სადაც მოსწავლე საუბრობს იმაზე, რა სტრატეგიები გამოიყენა, აღწერს, რა გააკეთა, რატომ გააკეთა ასე და არა სხვაგვარად ან რას შეცვლიდა, ახლა რომ იწყებდეს დავალების შესრულებას. ამ დროს მასწავლებლის მიერ დასმული კითხვები და საკითხში ჩაღრმავება მნიშვნელოვანია.
აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა. იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულყოფილი პროდუქტი შექმნას, მან აუცილებლად წინასწარ უნდა იცოდეს რის მიხედვით შემოწმდება მისი ნამუშევარი.