მასწავლებლებს ელექტრონული ჟურნალის შევსება ყოველდღიურად შეუძლიათ. პედაგოგების ნაწილი ჟურნალს კვირის ბოლოს, ყველა სამუშაო დღეს ერთად ავსებს. ამავდროულად, მასწავლებელთა ნაწილს აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა ელექტრონული ჟურნალის შევსება არასამუშაო დროს, მაგალითად შაბათ-კვირას ან სადღესასწაულო დღეებში.
etaloni.ge-მ გაარკვია, რომ მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა როგორც შაბათ-კვირას, ასევე დასვენების დღეებში შეუფერხებლად შეუძლიათ.
ამასთანავე, იყო შემთხვევები, როდესაც დასვენების დღეებში მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრება უფიქსირდებოდათ. განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის განმარტებით, ასეთ დროს დასწრების დაფიქსირება არანაირ პრობლემას არ ქმნის.
გარდა ამისა, მასწავლებლებს აინტერესებთ, რატომ არ ჩანს კვირის რომელიმე დღეს ელექტრონულ ჟურნალში ცხრილი. ცნობისთვის, თუ რომელიმე ეკლესიური ან საერო დღესასწაული სამუშაო დღეს ემთხვევა, ჟურნალში კვირის დღეების გრაფაში სიცარიელეა, შესაბამისად, ცხრილი არ ჩანს.