ფოთში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 12-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, რამდენიმე კერძო და საჯარო სკოლა კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო და წმ.ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მე-15 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება გარდა პირველი კლასისა, ხოლო რამდენიმე სკოლაში წერტილოვნი შეზღუდვები დაწესდა.
ქორქიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს.
„ჩვენს ქალაქში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივმა სამსახურმა, გასცა რეკომენდაციები, სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში, კოვიდდადასტურებული შემთხვევებისა და შესაბამისად იზოლაციაში გადასულ მოსწავლე - მასწავლებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, იქნა მიღებული შეჯერებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობება.
მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგად საგანმანათლებლო საშუალო სკოლა, გადავა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციურ ფორმატით გარდა პირველი კლასებისა. ხოლო, პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდინფექცია და ასეთია, მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი, მეათე კლასი. პირველ საჯარო სკოლაში კი ოთხი კლასი: მე-3, მე-5, მე-6 და მე-8 კლასები“ - განაცხადა გოჩა ქორქიამ.