პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება. შერჩევის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ აპლიკანტებს, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ პორტალზე vet.emis.ge და ვერ მოიპოვეს სტუდენტის სტატუსი.
კერძოდ, შერჩევის ამ ეტაპზე მონაწილეობენ:
- აპლიკანტები, რომლებმაც გაიარეს შერჩევის პროცესი, თუმცა კონკურსის გამო ვერ ჩაირიცხნენ სასურველ პროგრამაზე;
- აპლიკანტები, რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ პორტალზე, თუმცა ვერ შეძლეს შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
- აპლიკანტები, რომლებმაც მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება, თუმცა დადგენილ ვადაში არ მიმართეს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბუთების წარსადგენად.
ზემოაღნიშნულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პორტალზე vet.emis.ge გაეცნონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია თავისუფალი ადგილები და აირჩიოს მისთვის სასურველი. ამასთან, აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს არაუმეტეს სამი პროგრამა. შერჩევის აღნიშნულ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს რომელი პროგრამა ჰქონდა აპლიკანტს მითითებული შერჩევის ძირითად ეტაპზე რეგისტრაციისას.
აპლიკანტი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი ხელახლა გადის პროგრამისთვის განსაზღვრულ შერჩევის ეტაპს და მონაწილეობს კონკურსში. ამასთან,
- აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს სრულიად განსხვავებული პროგრამა, რომელიც არ ჰქონდა მონიშნული შერჩევის ძირითად ეტაპზე;
- აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს იგივე პროგრამა, რომელიც მონიშნული ჰქონდა შერჩევის ძირითად ეტაპზე, იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა შერჩევის პროცესში და გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამასთან, თუ აპლიკანტმა შერჩევის ძირითად ეტაპზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას შეუძლია კონკურსში ჩაერთოს უკვე მიღებული შეფასების შედეგით ან მოითხოვოს შერჩევის პროცესში განმეორებით ჩართვა, შედეგის გაუმჯობესების მიზნით.
პორტალზე vet.emis.ge სასურველი პროგრამის არჩევის შესაძლებლობა აპლიკანტებს ექნებათ 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით. პროგრამებზე შერჩევის პროცესი გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 29 ოქტომბერს.