ასობით კლასში კოვიდი დაფიქსირდა - საქართველოს სამი რეგიონი ვირუსის აფეთქების ზღვარზეა
14-10-2021

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე იმატებს. ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კახეთშია - ცხელი წერტილი თელავი და გურჯაანის მუნიციპალიტეტია. რეგიონში უკვე დაიხურა 39 სააღმზრდელო დაწესებულება და 6 სკოლა, ხოლო 75 ცალკეული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კახეთის კოვიდმიმღები დაწესებულებები პაციენტებს ვეღარ იღებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ეს სიტუაცია ძირითადად რთვლის სეზონმა და ტურისტების შემოდინებამ განაპირობა:

„ყველაზე მეტი შემთხვევა თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება, თუმცა საკმაოდ მზარდია სხვა მუნიციპალიტეტებში. შესაბამისად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი, რის გამოც რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებში ადგილები თითქმის სრულად შევსებულია. ეს არის შემოდგომის სეზონთან დაკავშირებულ აქტივობებიდან გამომდინარე. შიდა ტურიზმი, რთველის რიტუალები და სტუმრები, რამაც დადებითობის მაჩვენებელი გაზარდა და მეორე გახლავთ ის, რომ არანაირად არ იცავდნენ კოვიდრეგულაციებს. ფაქტობრივად, ადამიანებმა აიღეს ხელი რეგულაციების დაცვაზე რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა”.

ინფექციის მკვეთრი მატებაა იმერეთსა და სამეგრელოშიც. იმერეთში დადებითობის მაჩვენებელი 14% -ს უახლოვდება. მხოლოდ ქუთაისში სასწავლო პროცესი შეწყდა 11 სააღმზრდელო დაწესებულებაში, დაიხურა ერთი სკოლა, ცალკეული 40 კლასი კი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.

გასულ კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელება 3% -ით არის გაზრდილი სამეგრელოში. რეგიონში უკვე დახურულია სკოლა და 10 ბაღი. 

მანამდე შიდა ქართლის სკოლებში 40 კლასი და ერთი სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა, ასევე აჭარაში - 75 კლასი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 5 სკოლა სრულად და 5 სკოლა ნაწილობრივ, გურიაში კი 2 სკოლა სრულად და 6 ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203