მასწავლებლებს გაკვეთილზე დაესწრებიან და კომპლექსურ დავალებებს შეუფასებენ - რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პედაგოგმა?
15-10-2021

პედაგოგებს გასულ სასწავლო წელს „ახალი სკოლის მოდელის“ მიხედვით ტრენინგები ჩაუტარდათ, სადაც კომპლექსური დავალებების არსი და პირობის შედგენა ისწავლეს. ტრენინგები საგნობრივ კათედრებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ. მასწავლებლები სიახლეს თეორიულად გაეცნენ და ისწავლეს, თუ როგორ უნდა დანერგონ საკუთარ საგანში ახალი ესგ-ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

ამჯერად კი პედაგოგებს გაკვეთილზე ქოუჩები დაესწრებიან და შეამოწმებენ, თუ რამდენად მუშაობენ მასწავლებლები ახალი ესგ-ს შესაბამისად და გადააქვთ თუ არა პრაქტიკაში ტრენინგზე ნასწავლი.

რის მიხედვით შეაფასებენ და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პედაგოგმა?

მასწავლებლების ნაწილს ქოუჩები უკვე დაუკავშირდნენ და შეფასების სქემა გააცნეს. თუმცა პედაგოგთა უმრავლესობამ არ იცის, რა არის დასწრების მთავარი მიზანი და რეალურად, დამსწრე მასწავლებელს შეაფასებს თუ მოსწავლეს?

  • პირველ რიგში, დამსწრეს აინტერესებს, ყველა მოსწავლემ იცის თუ არა, რომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს.
  • ასევე მასწავლებელი შეფასდება, თუ რამდენად უწევს ფასილიტაციას მოსწავლეების მხრიდან კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს.
  • მკაფიო უნდა იყოს, რა შუალდეურ და გრძელვადიან მიზანს ემსახურება გაკვეთილი.
  • შეფასება ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მიღწევების აღწერაზე და არა ხარვეზების ხაზგასმაზე.
  • სასწავლო რესურსები მორგებული უნდა იყოს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს.
  • დამსწრე ასევე ჩაინიშნავს, მოსწავლე პასიური მსმენელია თუ აქტიურ შემოქმედებით პროცესებშია ჩართული.     
  • ასევე მნიშვნელოვანია, ახალი მასალა მოსწავლეს დამუშავების გარეშე მიეწოდება თუ ყურადღება ექცევა მის თანდათანობით მიყვანას ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით?                                                   
  • გარდა ამისა, დაკვირვების საგანს წარმოადგენს, მოსწავლე იძენს ფრაგმენტულ ცოდნას თუ ხდება სხვადასხვა ცოდნათა ურთიერთდაკავშირება?
  • აქცენტი კეთდება მხოლოდ იმაზე - რას სწავლობს მოსწავლე, თუ ყურადღება მახვილდება, თუ სწავლის რა სტრატეგიებს იყენებს იგი?                       
  • ასევე მნიშვნელოვანია, აქცენტი მხოლოდ დამახსოვრებაზე კეთდება თუ დრო ეთმობა სასწავლო მასალის რეალურ ცხოვრებასთან/ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებას.                   

მასწავლებლები გაკვეთილზე ჩამოთვლილთაგან თითოეული პუნქტით შეფასდებიან და დამსწრე დაწერს კომენტარს, სასწავლო პროცესში რამდენად დაკმაყოფილდა თითოეული პუნქტი. 

შეგახსენებთ, რომ თითოეულ სკოლაში ტრენინგების დროს მასწავლებლებმა კომპლექსურ დავალებებსა და სასკოლო კურიკულუმის შედგენაზე საგნობრივ კათედრებზე იმუშავეს. დამსწრე ასევე შეაფასებს კომპლექსური დავალებაზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო თუ არა კათედრის ყველა წევრი/საგნის ყველა მასწავლებელი, რადგან კომპლექსური დავალება განიხილება სასკოლო კურიკულუმის ნაწილად და არა მხოლოდ ერთი მასწავლებლის შემოქმედებად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203