მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები საშუალო საფეხურზე. „შეფასება, ისევე, როგორც სწავლა-სწავლება, ეფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს. სწავლება და შეფასება ერთი და იგივე მედლის ორი მხარეა. გამომდინარე აქედან, ამ შემთხვევაშიც მთავარი აქცენტი ე.წ. კომპლექსურ დავალებებზე კეთდება. კომპლექსურ დავალებებს ეფუძნება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. გამომდინარე იქედან, რომ დანერგვის სტრატეგიად არჩეულია ცნებებზე დაფუძნებული მიდგომა, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენება SOLO ტაქსონომიის პრინციპების საფუძველზე შექმნილი შეფასების რუბრიკა, რომელიც ამოწმებს მოსწავლის მხრიდან სამიზნე ცნებების გააზრების ხარისხს“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, საშუალო საფეხურზე გამოყენებული იქნება ორი ტიპის განმსაზღვრელი შეფასება: ერთი ქულით (გაძლიერებული არჩევითი კურსები) და მეორე - ჩათვლით (სავალდებულო ინტეგრირებული კურსები, სავალდებულო პროექტები, მოკლევადიანი კურსები). ჩათვლის მისაღებად საჭიროა მოსწავლემ სულ ცოტა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიის (იხ. SOLO ტაქსონომიის ცხრილი ზემოთ) მეოთხე დონის ფლობა დაადასტუროს თითოეულ სამიზნე ცნებასთან მიმართებით. მაგ. თუკი მოსწავლე არჩევითი კურსის ფარგლებში სამ თემას სწავლობს, სამივეს შემთხვევაში ორიენტირება ხდება ერთსა და იმავე სამიზნე ცნებაზე. საკმარისია, თუკი მოსწავლე თუნდაც ერთი თემის ფარგლებში კომპლექსური დავალებით დაადასტურებს ცნების ფლობას მიმართებით დონეზე.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განვითარების პროცესში მასწავლებლის მხარდასაჭერად საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
ა) მათთვის შეთავაზებულ იქნას ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული კურსები სავალდებულო და გაღრმავებული არჩევითი კურსების მიხედვით;
ბ) მომზადდეს ციფრულ პლატფორმებზე (მაგ. ედექსის ტიპის) დაფუძნებული სასერტიფიკაციო მოდულები;
გ) შეთავაზებულ იქნას LMS პლატფორმა, რომელიც საკლასო ოთახის მენეჯმენტს და მოსწავლეთა მიღწევების გაანალიზებას გააადვილებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო მასწავლებელს უნდა სთავაზობდეს მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს მისი შინაგანი მოტივაციის გაღვივებას და პედაგოგის ყურადღებას გადართავს სასწავლო პროგრამების განვითარებასა და მოსწავლეების მიღწევების ანალიზზე.