„სკოლების დისტანციურზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“
19-10-2021

საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ათასობით შემთხვევა ფიქსირდება, რაც ლოგიკურ მოლოდინს აჩენს, რომ მალე შესაძლოა სკოლები კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას:

„სკოლებში საკმაოდ კარგად იცავენ რეკომენდაციებს, რაც სამინისტროების მიერ არის დაწესებული. სასურველია და სულ მოწოდებაა საჭირო, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა კორპუსი, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შედარებით, უფრო მაღალი მოცვით არის აცრილი, ეს საკმარისი არ არის. სასურველია, მასწავლებლებში 80%-ან მოცვაზე მივიდეთ ისევე, როგორც ბავშვების მშობლებში. თუ ეს ორი რეკომენდაცია შესრულდება, აიცრება მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სკოლის მოსწავლეთა მშობლების 80%, მაშინ სასწავლო პროცესს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ისევ შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი.

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203