ოქტომბერი სრულდება და მასწავლებელთა ნაწილი ჯერ კიდევ სტატუსის შეცვლის მოლოდინშია. უფროსის სტატუსს აქამდე მაძიებლად დასაქმებულები და გამოცდაჩაბარებულები, პრაქტიკოსები და სკოლაში ახლადდასაქმებულთა ნაწილი ელოდება. რატომ იგვიანებს სტატუსები და როდის აესახებათ პედაგოგებს „ესქულში“ „უფროსი“?
როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე სტატუსი იმ მასწავლებლებს არ შეცვლიათ, რომელთა სახელზეც სტატუსის მინიჭების მოთხოვნა დირექციას არ დაუწერია. წესების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ყოველი თვის 10 რიცხვში პედაგოგებს (ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ) სტატუსებს ანიჭებს. სტატუსის მისანიჭებლად კი აუცილებელია, დირექციამ წარადგინოს პედაგოგი. თუ მასწავლებელი კონკურსის წესით დაინიშნა სკოლაში ანუ გამოცხადებული ვაკანსიის შემდეგ ვებგვერდიდან http://teacherjobs.ge გაგზავნა რეზიუმე, ამ შემთხვევაში სკოლამ მასწავლებლის სახლს, რესურსცენტრის გავლით, წერილი უნდა მისწეროს და პედაგოგისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს.
მასწავლებლის მიერ ვებგვერდის საშუალებით გაგზავნილ რეზიუმეში ყველა საჭირო დოკუმენტია ატვირთული, შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სტატუსს მარტივად მიანიჭებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი სკოლაში კონკურსის გვერდის ავლითაა დანიშნული, მას საჭირო დოკუმენტაციის (განათლების დამადასტურებელი დიპლომი, საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობა, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენა მოუწევს.
მასწავლებლებმა, ვისაც სტატუსი ჯერ კიდევ არ მინიჭებია, ოქტომბრის სტატუსის დანამატიც დაკარგეს. დირექციამ ასეთი პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 10 ნოემბრამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსიანი პედაგოგები ნოემბრის დანამატსაც დაკარგავენ.