რა შემთხვევაში იშლება კლასი? – მოსწავლეთა მობილობის გამო სკოლები არასასიამოვნო გამოწვევის წინაშე დგებიან
24-10-2021

სკოლებში მოსწავლეთა მობილობა კლასებში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.  სწორედ მოსწავლეთა მობილობის გამო დირექტორები არასასიამოვნო გამოწვევის წინაშე დგებიან. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვების შემცირების გამო კლასის დაშლის საშიშროებაც კი არსებობს. რამდენია მოსწავლეთა მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და როდისაა დაუშვებელი მობილობა? etaloni.ge დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ:

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 25 მოსწავლით. გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა კი გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.

პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით.

წესი განსხვავებულია 2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის. ამ შემთხვევაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით (აქაც მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით). ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა კი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18 (გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება სამინისტროსთან შეთანხმებით).

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის I სემესტრის მიმდინარეობისას და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის II სემესტრის მიმდინარეობისას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203