პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 4 ოქტომბერს დაიწყო. მოსწავლეებს საკლასო ოთახში ტრადიციულად, სახელმძღვანელოები და კომპიუტერები უნდა დახვედროდათ, რომელსაც სახელმწიფო, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში გადასცემს პირველკლასელებს, თუმცა მოსწავლეების ნაწილს კომპიუტერები ამ დრომდე არ დარიგებია.
etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა მიმართა კითხვით, რატომ არ დაურიგდათ ბავშვებს და როდის მიიღებენ კუთვნილ კომპიუტერებს. მით უმეტეს, რომ ბევრი მოსწავლისთვის ის ერთადერთ ტექნოლოგიურ რესურსს წარმოადგენს ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას და მაშინ როცა, ყოველდღიურად არაერთი კლასი და სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსის დაფიქსირების გამო, მშობლები რთულ ვითარებაში ვარდებიან, რადგან მათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვთ, რათა პირველი კლასის მოსწავლეებს სწავლა დისტანციურად გააგრძელებინონ.
როდის გადაეცემათ პირველი კლასის მოსწავლეებს კომპიუტერები? - ამ კითხვაზე განათლების სამინისტრო გვპასუხობს, რომ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემა ოქტომბერს არ გასცდება და თვის ბოლოს ყველა პირველი კლასის მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერით.
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში არ განუმარტავთ, რატომ არ დახვდათ პირველი კლასის მოსწავლეებს კომპიუტერები 4 ოქტომბერს, მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩხენკელის უწყება მიზეზად წუნდებულ კომპიუტერებს ასახელებს.