სკოლის დირექტორებისთვის გამოცდების ჩატარების საკითხი ისევ გაურკვეველია. გამოცდა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ორ ეტაპად იყო დანიშნული. პანდემიის გამო განსაზღვრულ დროს გამოცდის ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა უკვე 2021 წელია და დირექტორებმა ისევ არ იციან, რა ბედი ელით.
როგორც Etaloni.ge- სთან საუბრებში სკოლის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დირექტორების გამოცდა საერთოდ აღარ ჩატარდება, ხოლო იმ პირებს, რომელთაც კონკრეტულ სკოლაში დირექტორობის 2 ვადა უკვე ამოწურული აქვთ, როტაციის წესით სხვა სკოლებში გადაიყვანენ.
„ამ ეტაპზე ჩემს სკოლაში მინდა დარჩენა, მაგრამ როგორც ვიცი დირექტორად მუშაობას ამ შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ, საათების რაოდენობა კი სხვა სკოლაში იმდენი არ იქნება, რომ ანაზღაურება საკმარისი იყოს. არც მხოლოდ დირექტორის ანაზღაურებაა საკმარისი, ამიტომ ჯერ არ ვიცი რა იქნება მომავალში. ასეთი საუბარია, რომ ჩვენი გამოცდა არა, მაგრამ სხვა სკოლებში როტაცია მოხდება“.
Etaloni.ge საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოცდა არ გაუქმებულა და ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
„დირექტორების გამოცდა არ გაუქმებულა, ჩატარების თარიღსა და დეტალებზე გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
მართალია განათლების სამინისტრომ თავის დროზე თავი იმით იმართლა, რომ პანდემიის გამო მოუწია დირექტორების გამოცდების გადადება, მაგრამ ეს მიზეზი უკვე არასერიოზულად ჟღერს. განსაკუთრებით თუ იმ ფაქტს გავითავლისწინებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები (რომელიც გაცილებით მრავალრიცხვოვანია) პანდემიის პირობებში უკვე ორგზის ჩატარდა, იგივე შეიძლება ვთქვათ მასწავლებლის გამოცდებზე. ისმის კითხვა: თუ მოხერხდა და 40 ათასზე მეტი აბიტურიენტისა და მასწავლებლის გამოცდა პანდეემიის პირობებში ჩატარდა, რა უშლის ხელს 2244 (დირექტორის გამოცდის ჩასაბარებლად რეგისტრაცია 2244 ადამიანმა გაიარა) ადამიანის გამოცდას?